გელა დუმბაძე: „უკრაინის მხარეს ჩემთან პრობლემები არ აქვს!“ -ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინაში საქართველოს ელჩთან

გელა დუმბაძე: „უკრაინის მხარეს ჩემთან პრობლემები არ აქვს!“-ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინაში საქართველოს ელჩთან

უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე „თაიმერთან“ საუბრისას, პრინციპში, ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას, როგორც ელჩს, უკრაინის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელები არ გადაუცია. „უკრაინაში 7 ქვეყნის ახალი ელჩი ველით რწმუნებათა სიგელის გადაცემას,“ – აცხადებს დუმბაძე „თაიმერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჟურნალისტი: „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელის გადაცემა იმ ფაქტის გამო შეყოვნდა, რომ თქვენ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად მოგიაზრებთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მინისტრის პოსტი გეკავათ?

გელა დუმბაძე: უკრაინულ მხარეს ჩემს მიმართ რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა მაშინ 2017 წლის მაისის დასაწყისში აგრემანს-ანუ ქვეყანაში შესვლის თანხმობას არ მომცემდა. მე ვარ საქართველოს საკადრო დიპლომატი: 4 ქვეყანაში ვმსახურობდი, საქართველოს სხვადასხვა პრეზიდენტის დროს. ვინ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მომიაზრებს რომელიმე მათგანის “მხარდამჭერად”? – იქნებ ფაქტებით ვისაუბროთ.

ჟურნალისტი: რატომ არ დაეხმარა ხანძრით გამოწვეული კრიზისის დროს უკრაინა საქართველოს? ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი იმ ფაქტს, რომ თქვენ ამ დრომდე არ გადაგიციათ უკრაინული მხარისთვის რწმუნებათა სიგელი?

გელა დუმბაძე: რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მინდა გითხრათ, რომ, საელჩოს და ჩემი უშუალო ჩართულობით, უკრაინამ საქართველოში, ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავი АН-32п გამოყო, რომელმაც ქმედითი როლი ითამაშა აბასთუმანში ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. შესაბამისად, თქვენი ვერსია საფუძველს მოკლებულია. ჩვენი ჩართულობით უკრაინა ჯერ კიდევ თქვენი სტატიის გამოქვეყნებამდე-23 აგვისტოს მზად იყო საქართველოში გამოეშვა თვითმფრინავი, -თუმცა ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა და ამჯერად ქართულმა მხარემ დახმარების მიღებაზე თავი შეიკავა.

ჟურნალისტი: უახლოეს წარსულში გქონდათ თუ არა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ან საგარეო საქმეთა მინისტრთან? როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და თქვენი პერსონის მიმართ?

გელა დუმბაძე: უკრაინის პრეზიდენს უშუალოდ 2-ჯერ შევხვდი. პირველად 2017 წლის ივლისში, როდესაც ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს. მას ვახლდი თბილისში, მესტიასა და ბათუმში. მეორედ 2017 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას. ვფიქრობ მისი დამოკიდებულება როგორც საქართველოს, ასევე მისი ელჩის მიმართ უაღრესად პოზიტიურია.

ჟურნალისტი: ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს არ ეთანხმებით, გვითხარით, როდის იგეგმება რწმუნებათა სიგელის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტისთვის?

გელა დუმბაძე: როგორც მოგახსენეთ, რწმუნებათა სიგელების გადაცემას ველოდებით 7 ქვეყნის ელჩი. ვფიქრობ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში, უკვე შევძლებთ უკრაინის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემას.

 

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმოსკოვთან ახლოს სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიაუკრაინის იუსტიციის სამინისტრო – საქართველო უკრაინისგან სააკაშვილის დაკავებასა და დეპორტაციას ითხოვს