გედევან ფოფხაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომას გედევან ფოფხაძე არ ესწრება, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძე ვიზიტით ბაქოშია და სხდომას ამიტომ ვერ ესწრება, თუმცა, მისი თქმით, გედევან ფოფხაძე კომიტეტის სხდომებზე თითქმის არასოდეს არ დადის.

“ეს დღევანდელი ამბავი არ არის, შესაბამისად, განსაკუთრებული დღესაც არაფერი არ ხდება. როგორც ვიცი, დღევანდელი სხდომის გაცდენის მიზეზი ისაა, რომ ფოფხაძე ბაქოშია. წინა შემთხვევებში ოჯახური მიზეზები იყო დასახელებული. ეს არის ის, რაც ჩემთვის ცნობილია”, – განაცხადა კილაძემ.

დეპუტატი მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასაც გამოეხმაურა.

“ქართული ოცნების” მთელი გუნდი ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდია. ჩვენ იმ ტრადიციას ვაგრძელებთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. თუ ვინმე იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ გუნდის გარკვეული ნაწილი არ არის ეროვნული და არის ანტიეროვნული, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ საქმის კეთებას გავაგრძელებთ. დღესაც ვაცხადებ, რომ ნინია კაკაბაძე ის ადამიანი არ არის, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ჩემი აზრით, ის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს გაატარებს. სერგი კაპანაძე ვიცე-სპიკერია და მისთვის პარლამენტს ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ ის კარგია, არამედ ხმა მისცა იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი. მოგვწონს თუ არა, სერგი კაპანაძე ვიცე-სპიკერია. გიორგი ტუღუში ჩემი მოადგილეა, რომელსაც ხმა მისცა გედევან ფოფხაძემაც. მგონია, რომ სამშობლოსთვის და ეკლესიის წინაშე „ნაციონალებზე“ მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია. „ნაციონალებმა“ გაცილებით მეტი გააფუჭეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ხმა მისცა და ისინი ოპოზიცია არიან, რომელთაც საკუთარი კვოტა აქვთ.

გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე კარგია, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციის კვოტაა. თუ ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით, მის ადგილზე სხვა ნინია კაკაბაძე მაინც მოვიდოდა. ანუ, კოლექტიურ ნინია კაკაბაძე მაინც იქნება, რადგან ნაციონალები ყველა შემთხვევაში მაინც ნინია კაკაბაძეს წარმოადგენდნენ. ეს მათი დამოკიდებულებაა. ვინაიდან, ეს უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა”, – აცხადებს კილაძე.

კანონმდებელი გედევან ფოფხაძის ვარაუდსაც გამოეხმაურა, რომ შესაძლოა, ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა. “ჩემთვის არავითარი შეთანხმება ცნობილი არ არის”, – დასძინა კილაძემ.

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი “ევროპული საქართველოს” კვოტით გახდა. მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდ tp.ge-ზეა შესაძლებელი
შემდეგი სტატიადიდუბის პოლიციაში ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეების დაკითხვა გრძელდება