გედევან ფოფხაძე : გამოხატვის თავისუფლება სხვა ადამიანების შეურაცხყოფას არ მოიცავს

საპატრიარქოს განცხადებაში კონკრეტიკა ნამდვილად არ არის და ზოგადი სურვილია, რომ სამართლებრივი მექნიზმები არსებობდეს, რომელიც ადამიანებს რაღაც საკითხებში შეზღუდავს, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, არის რაღაც საკითხები რაზეც საზოგადოება ყოველგვარი სამართლებრივ-პოლიტიკური ჩარევების გარეშე უნდა თანხმდებოდეს.

„ყველას რაღაც შინაგანი ბერკეტი უნდა გვქონდეს, რომელიც სხვა ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფისგან შეგვაჩერებს. ჯობდა სამართლებრივი ბერკეტი საჭირო არ გამხდარიყო. არის რაღაც საკითხები, რაზეც საზოგადოება ყოველგვარი სამართლებრივ-პოლიტიკური ჩარევების გარეშე უნდა თანხმდებოდეს. რაღაც დონეზე ალბათ კონსულტაციების წარმოება მედიასთანაც შეიძლება. იმ საჯარო ინტერესზე და პასუხისმგებლობაზე შევთანხმდეთ, რომელიც საზოგადოების წინაშე ყველას გვაქვს. მათი გრძნობების შელახვით ადამიანების პროვოცირება აგრესიაზე და დაპირისპირებაზე ძალიან ადვილია. ეს რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, ამას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. გამოხატვის ფორმას და სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს უნდა უწევდეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება სხვა ადამიანების შეურაცხყოფას არ მოიცავს.

„გიორგი გაბუნია თავის გადაცემებში ზღვარს გადადის ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ვინც სხვათა რელიგიური შეხედულებების შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ცდილობს, ის ადამიანი ადამიანების ძალიან ფართო წრეს თავისი ქცევით სულში აფურთხებს და ასეთი რაღაცის გაკეთება საზოგადოებრივ აზრთან მიმართებაში ხანდახან აქტიურ ძალადობაზე უფრო ცუდია, რამაც შესაძლოა, საზოგადოებაში აბსოლუტურად უმართავი პროცესები გამოიწვიოს. ეს არის სიკეთე, რომელსაც ყველა უნდა ვუფრთხილდებოდეთ.

დეპუტატის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის, ის შეიძლება სხვა უფლებების ბალანსის დაცვის მიზნით შეიზღუდოს.

„რაც გიორგი გაბუნიამ გააკეთა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. ისევე როგორც პოლიტიკოსებზე თმენის ვალდებულებაა, მასმედიაზეც ვალდებულებაა საჯარო სივრცეში ისეთი რაღაცის პროპაგანდას ან ლობირებას მოერიდოს, რაც საზოგადოებაზე, მის ემოციებზე და ცნობიერებაზე შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს. მასმედიამ სხვა ადამიანის გრძნობების შეურაცხყოფას პროპაგანდა არ უნდა გაუწიოს. თუ გვინდა გამოხატვის თავისუფლება დავიცვათ ამ თავისუფლებით, არავინ არ უნდა ისარგებლოს ისე, რომ
ამას საპატრიარქოს განცხადებები მოჰყვეს. საპატრიარქოს განცხადება რაღაცის შედეგი იყო. ამაში საპატრიარქოს გამტყუნება არამგონია რელევანტური იყოს.”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს განცხადება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი
შემდეგი სტატიათიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას – „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს