“გაზსაცავის მშენებლობის პროექტით “სოკარი” დაინტერესდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის “სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კახა კალაძემ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ ტექნიკურ პრობლემებზე, რომელიც ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით ზამთარ-ზაფხულის თვეებში არსებობს.

“განხილვა იყო არსებულ სიტუაციაზე, იმ ტექნიკური პრობლემების თაობაზე, რომელიც ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში გვაქვს. მოწოდების პრობლემა არ არსებობს, თუმცა, გვაქვს პიკური თვეები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ და მინდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომლის დაწყებასაც 2016 წელს ვაპირებთ. ამ პროექტში მონაწილეობის მიღების ინტერესი აქვს “სოკარს”. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც ჩვენ ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით გვაქვს. თქვენ იცით, რომ “სოკარის” ორივე მილსადენი, რომლითაც ვიღებთ ბუნებრივ აირს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა, სამომავლოდ, არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გაჩენის შესაძლებლობას მოგვცემს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლისთვის იგეგმება “შაჰდენიზის” მეორე ფაზის პროექტის დასრულება, რაც დამატებითი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის “სოკარის” ხელმძღვანელობის შეხვედრა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში„2019 წელს ჩვენ გვექნება საშუალება დამატებითი მოცულობა მივიღოთ “შაჰდენიზიდან“
შემდეგი სტატიაჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ბუნებრივ აირს კომერციული სექტორი შეღავათიან ფასად