“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” განცხადებას ავრცელებს

saertashoriso gamwvirvaloba2015 წლის 25 სექტემბერს რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანხმადაც, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და კომპანიის გენერალურ დირექტორს ალექსანდრ მილერს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბუნერივი აირის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სომხეთში მაგისტრალური მილსადენით ტრანზიტის საკითხებიც განიხილეს.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე საკითხი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა. მმართველი კოალიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზპრომისგან ბუნებრივი აირის მიღება პრაგმატულ ენერგოპოლიტიკასა და ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაციას დაუკავშირეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამორიცხავი იყო. მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაზე. „აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი მოცულობების შემოტანაზე რუსეთიდან: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე ირანთან მიმართებაში,“ – განაცხადა კალაძემ.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კახა კალაძის პოზიცია გაიზიარა და განაცხადა, რომ ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ გაზის იმპორტი დივერსიფიცირებულია, რადგან ტრანზიტულ რესურსებთან ერთად, საქართველოს უკვე ჰყავს აზერბაიჯანი, როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი.

ენერგეტიკის მინისტრის შეფასებისგან რადიკალურად განსხვავდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. 10 ოქტომბერს აზერბაიჯანში დაუგეგმავი ვიზიტის განხორციელების შემდეგ პრემიერმა განაცხადა: „არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის. ეს არის სრული აბსურდი და მოსახლეობა ნუ შეყავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს შეცდომაში“.

„საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველომ“ ბუნებრივი აირის იმპორტის თაობაზე ენერგეტიკის სამინისტროს წერილით მიმართა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის მოხმარებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 120 დოლარს, ხოლო თბოსადგურებისათვის კი 143 დოლარს შეადგენს (მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები, სხვა მომხმარებლებისაგან განსხვავებით, შედარებით იაფ გაზს მოიხმარენ. შესაბამისად, მომხმარებელთა ეს ორი ჯგუფი ე. წ. „სოციალურ სეგმენტს” წარმოადგენს). რაც შეეხება ე.წ. „კომერციული გაზის” საფასურს, ამ შემთხვევაში საერთო, უნივერსალური ტარიფი დადგენილი არ არის და კერძო კომპანიები სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, მომწოდებელთან ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე თანხმდებიან ბუნებრივი აირის ღირებულებასა და მოცულობაზე.

2014 წელს საქართველოს ბაზარზე გაზის ჯამურმა მიწოდებამ 2.193 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, საიდანაც 2.183 მლრდ კუბური მეტრი იმპორტირებული იყო.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ-საერთაშორისო გამჭვირვალობა
შემდეგი სტატიასაპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა