გაზის გათიშვის გამო, ბათუმის 24 საჯარო სკოლაში სწავლა შეწყვეტილია

გაზის გათიშვამ ბათუმსა და ხელვაჩაურში სასწავლო პროცესის შეფერხება გამოიწვია.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში მხოლოდ სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ბათუმის 24 და ხელვაჩაურში 7 საჯარო სკოლაშია სწავლა დროებით შეწყვეტილია.

მათივე ცნობით, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლებში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე არ არის დამოკიდებული.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მათ აქვთ გათბობის ალტერნატიული წყარო, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო, რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია.

ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება

ოფიციალური ინფორმაციით, 15 დეკემბერს, ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის ინფორმაციით, ტექნიკურმა ჯგუფებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაზიანებული მილსადენი სრულად აღადგინეს.

ბოლო ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს
შემდეგი სტატიასუს-მა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა