“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ “მაესტროს” გადაქცევა “იმედის” ფილიალად” – მაკა ასათიანის ადვოკატი

მაესტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე იმყოფებოდა მაკა ასათიანის ადვოკატი, რომელმაც არხის გენერალური დირექტორის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტაციას სამართლებრივი შეფასება მისცა.

“ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით აშკარად მტკიცდება, რომ შპს სტუდია მაესტროს 30 პროცენტიანი წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე.

“სადავო არ არის და ცნობილია, რომ რუხაძე დაკავშირებულია იმედთან და მის მართვასთან, შესაბამისად, ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას,” – განმარტავს გიორგი გვენეტაძე.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის ჭრილში ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას – იმედი ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია მაესტროს საწესდებო კაპიტალის წილს. ამ კუთხით მაკა ასათიანის ადვოკატი რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას თხოვს.

“ზემოთ მითითებული ფაქტი იძლევა სრულ საფუძველს იმისთვის, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისაგან გიორგი გაჩეჩილაძემ შეიძინა მაესტროს წილები.

ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და კანონის შესაბამისად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ მაესტროს გადაქცევა ფილიალად,” – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა სკანდალური წერილები გაასაჯაროვა. მისი განმართებით ეს დოკუმენტები იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ ორგანიზებულად მიმდინარეობდა მაესტროს ხელში ჩაგდება. გადაბაძემ ისაუბრა ირაკლი რუხაძის შემოთავაზებაზე.

banner
წინა სტატიაში“ყველას მოვუწოდებ, გამოძიების დასრულებამდე თავის შეიკავობ ვინმეს დადანაშაულებისგან”
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: გოგი თოფაძეს შეეშალა და მოიხადა ბოდიში, ხომ არ დავხვრეტთ კაცს