გაწირა თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველომ

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დემირელის სახელობის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.ინფორმაცია “თაიმერმა” ექსკლუზიურად გაავრცელა.

დაკავებულის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი აცხადებს,რომ ჩაბუქს თურქული მხარე ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება.

„საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ დემირელის სკოლაში უნდა გასხვისებულიყო წილი ერთი პიროვნებიდან მეორეზე. საუბარია ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიაზე. ამ გასხვისებას კი ხელს უწყობდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი. და ეს ქმედება მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობად, მაგრამ რატომ – გაუგებარია“,– ამბობს ადვოკატი.

ბარათაშვილის თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია დიპკორპუსი, საქართველოს სახალხო დამცველი.

„საქმე ეხება ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციას. ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ საქართველო–თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ პოლიტიკას ადამიანის უფლებები არ უნდა ეწირებოდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადაციით საქართველო დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რადგან ვიცით, ადამიანის უფლებების დაცვის კუხით რა მდგომარეობაა თურქეთში და ექსტრადაციის შემდეგ ამ ადამიანს რა ბედი ელის, გაურკვეველია“,– განაცხადა ადვოკატმა.მისივე ინფორმაციით პატიმრობის მაქსიმალური ვადა, საქართველოს კანონმდებლობით, 9 თვეა. საბოლოოდ ექსტრადაციის თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, თუმცა ამავე გადაწყვეტილების მიღების უფლება იუსტიციის მინისტრსაც აქვს. იგი დღევანდელი დაკავების თურქეთის პრემიერის ვიზიტთან კავშირს არ გამორიცხავს-„საეჭვო დამთხვევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვა ბიზნესმენებიც არიან დაკავებულები“,– ამბობს ბარათაშვილი.

ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„მიზეზი სავარაუდოდ, თურქეთიდან მომდინარეობს, გუშინ თურქეთის დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, დღეს დილით დააკავეს ჩემი მეუღლე. გამომძიებლებმაც მითხრეს, რომ ქართული მხარე მუსტაფას სამართლებრივად არაფერს ედავება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, სწრაფად მოახდინონ რეაგირება და არ გადასცენ უდანაშაულო მუსტაფა ჩაბუკი თურქეთს,“ – აცხადებს დაკავებულის ცოლი თუფა კანდემირ-ჩაბუკი.

მუსტაფა ჩაბუკი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის ორი წელია, მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვას ფლობს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ღია წერილით მიმართავს ,,ლიტერატურული საქართველოს” მთავარ რედაქტორს
შემდეგი სტატიამერაბ ქვარაია: “ზუგდიდი არის, დარჩება და იქნება ქალაქი!”