გასპარ ნოეს ფილმის „სიყვარული“ (Love) გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის „სიყვარული“ (Love) გავრცელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ფილმი პორნოგრაფიას მიეკუთვნება.

“კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.

საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, “მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით“.

„გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს “love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნონ.

გასპარ ნოეს ფილმი Love კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული. ის ასევე, აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე „BIAFF“.

არგენტინაში დაბადებულმა ფრანგმა კინორეჟისორმა აღნიშნული ფილმი 2015 წელს გადაიღო.

banner
წინა სტატიაში“სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება ჩვენ გვატყუებდა – თურმე, აზერბაიჯანიდან ამის შესაძლებლობა არ ყოფილა”
შემდეგი სტატიაალან კურდის დაღუპვის საქმეზე ორ სირიელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს