გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ – თბილისის მერია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

ამის შესახებ საგანგებო განცხადებას თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით ავრცელებს, რაც მათთვის ვაჭრობის აკრძალვას მოჰყვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მერია კანონის დაცვით მოქმედებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რადგან “უმებართვო გარევაჭრობა დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთანაც, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ბაზრობების ასოციაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ, შეღავათიანი პირობებით 6 თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს თითოეულ მათგანს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის”.

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამოს მიმდებარე ტერიტორია, მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორიები.

banner
წინა სტატიაში(video) აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა
შემდეგი სტატიაყაზბეგში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა