განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასების, შემდგომში აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 35 000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგი მათიაშვილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გადაცემული თანხა 5000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ვადით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის დაკითხვა დღეს განახლდება
შემდეგი სტატიათორნიკე კაჭარავას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ