განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 9 თებერვალს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ IVECO-ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღები გადმოიტანა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიIDFI: 37 ათასი დევნილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ამ დრომდე ელოდება
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო