,,იქმნებოდა განცდა, რომ უშიშროების საბჭო ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული პირის უსაფრთხოებას”

ბოლო 20 წლის განმავლობაში ხშირად იყო განცდა, რომ უშიშროების საბჭო ემსახურებოდა არა სახელმწიფოს, არამედ რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის ან მოქმედი გუნდის უშიშროებას და უსაფრთხოებას , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში გვქონდა შემთხვევები, როცა იქმნებოდა ხოლმე განცდა, რომ ესა თუ ის სახელმწიფო დაწესებულება და უშიშროების საბჭო ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის უშიშროებასა და უსაფრთხოებას, ვიდრე ქვეყნისა და სახელმწიფოს უშიშროებას და უსაფრთხოებას. ეს არ იყო უშიშროების საბჭოს რომელიმე მდივნის არჩევანი, ეს იყო ხოლმე ქვეყნის ლიდერის, პრეზიდენტების, პრემიერების, თუ სხვათა არჩევანი, როცა სახელმწიფო დაწესებულების დაქვემდებარება ხდებოდა კერძო თუ გუნდური ინტერესებისთვის”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს აქვს, ეს არის, რომ აღნიშნული მავნე პრაქტიკა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. “მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. ანუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭო, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები და დეპუტატები ვმსახურობთ, ქართულ სახელმწიფოს მოემსახურება და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ორგანოებთან ერთად უშიშროების საბჭო მოახერხებს, იყოს ერთ-ერთი ფლაგმანი ამ მიმართულებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა. რომ ჩვენ, თითოეული საჯარო მოხელე ვემსახურებოდეთ ამ საქმეს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საკითხს ექნება სამართლებრივი შეფასება
შემდეგი სტატიაეროვნული უშიშროების საბჭოში ის ადგილია, სადაც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს წარმოდგენილი