გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ – გიორგი ნადიბაიძის სამომავლო გეგმები

http://www.timer.ge/gamarjvebamde-gamarjvebis-shemdeg/

გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ ,,ნიჭიერი და მიზანდასახულია, ყოველთვის აღწევს დასახულს და არასდროს იბრძვის უღირსი მეთოდებით“- ასე აფასებენ ახლო მეგობრები მუსიკალურ ტელე-პროექტ ,,ვოისის“ გამარჯვებულს გიორგი ნადიბაიძეს. სწორედ მეგობრების გარემოცვაში ჩაწერა მასთან ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერმაც“. ცხოვრება ,,ვოისამდე“ და მის შემდეგ, სამომავლო გეგმები და პირადი ცხოვრება – ეს და სხვა საინტერესო სიახლეები ახალგაზრდა მომღერლის შესახებ ვრცლად ჩვენს ინტერვიუში.

– გიორგი ნადიბაიძე 24 წლისაა, ჰოროსკოპით ლომი ვარ და მიუხედავად იმისა რომ ჰოროსკოპს დიდად არ ვეცნობი, ჩემი ნიშნისთვის დამახასიათებელი ბევრი თვისება მაქვს: ვარ ენერგიულიც, შემომქმედიც, მეგობრულიც ამავდროულად ჯიუტიც და ზარმაციც.

– ანუ უარყოფითი თვისებები უკვე გაგვიმხილე…
– სიჯიუტეს უარყოფით მხარედ არ მივიჩნევ, სიზარმაცეს კი. თუმცა ზარმაცი არ ვარ იმ საქმის მიმართ რომელიც მიყვარს, ზარმაცი ვარ ,,მინდასთან“ მიმართებაში. ანუ შეიძლება რაღაც მინდოდეს მაგრამ მისაღწევად ვიზარმაცო.

– დადებით თვისებებზე რას გვეტყვი?
– ზოგადად ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს – თუმცა მომწონს და ვთვლი რომ მარტივი ადამიანი არ ვარ, მაქვს პრინციპები და ამ პრინციპების ერთგული ვარ.

– დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევ?
– საბედნიეროდ კი, ეს დიდი შრომის ფასად მიჯდება თუმცა არ ყოფილა შემთხვევა რამე დამესახოს მიზნად და არ მიმეღწიოს.

– ვინ იყავი ,,ვოისამდე“?
– ,,ვოისამდე“ გიორგი ნადიბაიძე ვიყავი, ,,ვოისის“ შემდეგაც გიორგი ნადიბაიძე ვარ და დარწმუნებული ვარ, რა წარმატებასაც არ უნდა მივაღიო ცხოვრებაში, ეს მუდამ ასე იქნება.

– ანუ ვარსკვლავური სენი არ შეგყრია?

– არა, და არც არასდროს შემეყრება. უბრალოდ როდესაც ცხოვრებაში რაღაცას აღწევ შენი ცხოვრება იცვლება, უფრო დატვირთული ხდება, და ზოგჯერ ვერ იცლი იმ საქმეებისთვის რისთვისაც ადრე გეცალა. ამიტომ ბევრს ჰგონია რომ ,,თავში აგივარდა“. მე არ შევცვლილვარ და თუ რამისთვის არ მცალია, ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ მე უბრალოდ დაკავებული ვარ და სხვა მიზეზი არ არსებობს.

– რა მოგცა ,,ვოისმა“ გამარჯვებულის წოდების გარდა?
– სამოთახიანი ბინა  არ ვიქნები თავმდაბალი და პირდაპირ ვიტყვი გამოცდილება არც შოუმდე მაკლდა, არც თავდაჯერებულობა, უბრალოდ ჩემი შესაძლებლობები სააშკარაოზე გამოვიტანე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ პროექტში შევძელი იმის დამტკიცება რაშიც ადრე ეჭვი მეპარებოდა. ბინის გამო არ მივსულვარ შოუში და მისი მოგება არ იყო ჩემი იდეა ფიქსი. თუმცა ნამდვილად მჭირდებოდა.

– შინაგანი ხმა რას გეუბნებოდა – გიორგი გაიმარჯვებო?
– იმედი მქონდა, თუმცა არ ვთვლი, რომ გამარჯვება მხოლოდ სტატუსის მოპოვებაა, შოუს მონაწილე ყველა გამარჯვებულია. წაგებული ხარ მაშინ როდესაც შენი თავის და შენი შესაძლებლობების წარმოჩენას ვერ ახერხებ.

– იყვნენ ისეთი ადამიანები ვინც პირველი დღიდან თვლიდნენ, რომ გაიმარჯვებდი?
– დიახ, ბევრი იყო და ყველაზე მეტად მათთვის იმედის გაცრუება არ მინდოდა. თვითონ კონკურსანტების მხრიდანაც ვგრძნობდი მხარდაჭერას, ბევრი მეუბნებოდა პროექტს შენ მოიგებო და ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.

გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ

– სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული იყო შენი და ქეთას ურთიერთობის შესახებ დაწერილი პოსტები და ნიუსები, რეალურად ეს იყო შოუსთვის კეთდებოდა?
– მე და ქეთას ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ის კარგი მწვრთნელი იყო და სულ ვგრძნობდი მის თანადგომას. ის ზრუნავდა მუსიკალურ ნომრებზეც, ჩემს ჩაცმულობაზე და იმიჯზეც, რაც შეეხება თქვენს კითხვას ეს იყო მხოლოდ მეგობრული ხუმრობები – შოუს ელემენტებით. არ იყო გამიზნული, თუმცა ვფიქრობ შოუსაც გამოადგა.

– მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები როგორც ვიცი გრძელდება…
– დიახ ასეა. ქეთას, პროდუსერ ნატო დუმბაძეს და მე გვაქვს საერთო სამომავლო გეგმები. ვნახოთ, ვფიქრობ ყველაფერი გამოვა და ჩვენი გუნდი წარმატებას მომავალშიც მიაღწევს, ამ ეტაპზე ვიტყვი რომ ეს გეგმები საქართველოს არ უკავშირდება.

– ანუ გაჩერებას არ აპირებ…
– არა, ეს გამორიცხულია, ტელე-პროექტ ,,საქართველოს ვარსკვლავის“ (შოუში გიორგი ნადიბაიძემ მეორე ადგილი დაიკავა) შემდეგ ცოტათი განელდა პროცესები, თუმცა იმ ეტაპზე საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი, რამაც შედეგი ,,ვოისზე“ გამოიღო. თუმცა ახლა ტემპის დაგდებას აღარ ვაპირებ.

– ბევრი ჭორი იყო… გული რომელზე დაგწყდა?
– როდესაც ,,საქართველოს ვარსკვლავში“ ვერ გავიმარჯვე მიუხედავად იმისა რომ ბევრი გულშემატკივარი მყავდა არცერთს უხამსად და არაეთიკურად არ უმოქმედნია… არც უარყოფითი სტატუსები უწერია. მესმის რომ ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს თუმცა მე ვფიქრობ არ არის კორექტული ნეგატივის გარეთ გამოტანა, თუ შენი ფავორიტი ვერ იმარჯვებს… ყველაფერს აქვს თავის ჩარჩო და ყველას ვურჩევ კორექტულად გამოთქვან თავისი აზრი. თუმცა მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, წინ უამრავი გეგმაა, ახალი მწვერვალები მაქვს დასაპყრობი. სიმართლე გითხრათ ჭორებსა და ნეგატივს ყურადღებასაც არ ვაქცევ. დადებითი გაცილებით მეტია.

– პროფესიით ვინ ხარ?
– ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული,პროფესიით ეთნოლოგი ვარ.

– პროფესია შენით აირჩიე თუ აგარჩევინეს?
– ჰუმანიტარული მიმართულება ჩემით ავირჩიე და შემდეგ ამ სფერომ დამაინტერესა.

– საკუთარ თავს ამ პროფესიაში ხედავ?
– ეთნოლოგია კულტურის ნაწილია და არ გამოვრიცხავ რომ ოდესმე საჯარო სამსახურში ამ მიმართულებით ვიმუშაო, თუმცა უფრო მეტად ვისურვებდი, სიმღერაში ისეთი კარიერა ავიწყო, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა არ დამჭირდეს.

– რა არის შენთვის მუსიკა?
– ალბათ ბანალურია, მაგრამ მუსიკა ჩემი ცხოვრების წესია.

გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ

– სხვა ჰობი გაქვს?
– სიმღერის გარდა, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მიყვარს.

– რას უსმენ?
– ძალიან ჭრელ მუსიკას ვუსმენ, გამოყოფა გამიჭირდება, შეიძლება ჩემს ჟანრთან ახლოს სულაც არ იყოს, მაგრამ სხვა ჟანრის კარგი მუსიკაც ძალიან მიყვარს.

– გიორგი ნადიბაიძის ინსპირაციის წყარო რა არის?
– მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ემოციური ფონი და გარემო.

– ქერები თუ შავგვრემნები?
– ორივენიცა  მთავარია მუხტი და ის რაღაც ნაპერწკალი მოიტანოს.

– რეალი თუ ბარსელონა?
– რა თქმა უნდა ბარსელონა.

– შეყვარებული ან ,,მეგობარი გოგონა“?
– ამ ეტაპზე არცერთი.

– და ბოლოს ვინ უმესიჯებდა გიორგი ნადიბაიძეს ყველაზე აქტიურად? როდესაც კონკურსანტი მამრობითი სქესის სიმპათიური წარმომადგენელია მუდამ ამბობენ, რომ მას ,,პატარა გოგოები“ უმესიჯებენ…

– ეს ასე ნამდვილად არ არის. მე ჩემი მეგობრები, ახლობლები მიმესიჯებდნენ და ალბათ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხარისხიან და გემოვნებიან სიმღერას უსმენს და პროფესიონალურ შესრულებას აფასებს.

სპეციალურად საიტისთვის ეკა წივწივაძე

banner
წინა სტატიაშივარშავამ მოსკოვთან ახლო ურთიერთობის სურვილი გამოთქვა
შემდეგი სტატიაბოუის გარდაცვალების შემდეგ მისი ახალი სიმღერები გამოვა