გაასხვისა თუ არა საქართველოს ბანკმა აუქციონის წესით რუსთავის აზოტი?!

რუსთავის ,,აზოტს“ ახალი მფლობელი ჰყავს. როგორც ,,ქრონიკამ” გაარკვია სააქციო საზოგადოების 100%-იან წილს EU INVESTMENT-ი ფლობს. ამ კომპანიის დირექტორი ეფრემ ურუმაშვილია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი იოსებ გოზალიშვილი. ინფორმაციას აზოტის ქარხნის ახალ მფლობელებზე ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია ავრცელებს.

სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან ირკვევა, რომ ეფრემ ურუმაშვილის სახელზე სააქციო საზოგადოება ,,რუსთავის აზოტი“ 2016 წლის 13 სექტემბრიდან ირიცხება. ხოლო ,,ეუ ინვესთმენთი“ რეესტრში, როგორც ახალი სუბიექტი, ურუმაშვილის სახელზე, 2016 წლის 10 აგვისტოდანაა რეგისტრირებული.
რეესტრის ინფორმაციით ურუმაშვილი ასევე არის შპს ,,სისტემიქ სოლუშენისა“ და ,,ჯორჯიან ინვესტმენტის“ დირექტორი და ასევე შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის“ მეწილე. იგი 2015 წელს ხუთწლიანი ვადით არჩეული იყო ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად. 2000 წლიდან 2010 წლამდე ურუმაშვილი ,,საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებსაც იკავებდა. ვრცელდება ინფორმაცია რომ სწორედ ,,საქართველოს ბანკმა“ აუქციონის წესით გაასხვისა ,,რუსთავის აზოტი“ . თუმცა ამ ინფორმაციის დაზუსტება ჩვენ ურუმაშვილის წარმომადგენლებთან ვერ მოვახერხეთ,.
სააქციო საზოგადოება ,,რუსთავის აზოტში“ აცხადებენ რომ მედიიისთვის ბრიფინგს უახლოეს მომავალში გეგმავენ. ხოლო რომან ფიფიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ,,ქრონიკასთან“ საუბარში მხოლდო ის ფაქტი დაადასტურა რომ აზოტი ეუ ინვესთმენთი მფლობელობაში გადავიდა. არ არის გამორიცხული რომ ბრიფინგი ფიფიას მხარემაც ჩაატაროს.
კიდევ ერთი ფაქტი 2016 წლის 20 ივნისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კომპანია “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყო.
შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. ხელშეკრულებას EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში და “რუსთავის აზოტის” მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი. განხორციელდება თუ არა პროექტი რომელსაც დაფინანსება ითვალისწინებდა ახალი მმართველის ხელში ჯერ-ჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა სირიის საკითხზე, შესაძლებელია, პოზიცია შეიცვალოს
შემდეგი სტატიაუკრაინის სახალხო დამცველმა ქართველი სამხედროს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა