ევროპული საქართველო ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლის წითელ ცირკულარში ჩასმას ითხოვს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიფინგი ოთო კახიძემ გამართა, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს შესაბამისად, გაატაროს ყველა ზომა , რათა მოხერხდეს ოთხოზორიას მკვლელის დაკავება და საქართველოში ექსტრადირება.

,,ზუსტად ცხრა თვის წინ, გასული წლის 19 მაისს, ორი შვილის მამა გიგა ოთხოზორია ცინიკურად მოგვიკლეს. მისი მკვლელი, რომელიც გადაღებულია ვიდეოფირზე, რაშიდ კანჯიოღლი დღემდე არ არის ინტერპოლით ძებნილ პირთა სიაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი გაუგზავნა ინტერპოლს, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა, რომ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დღემდე ინტერპოლით არ იძებნება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია ახერხებს ჩვენი ოფიცრების ძებნაზე დასმას ისე, რომ არანაირი მტკიცებულებები მათ საქმეებში არ მოიპოვება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს, აწარმოოს კომუნიკაცია ინტერპოლთან და ჩვენი მოქალაქის მკვლელი რაშიდ კანჯიოღლი მოხვდეს ძებნილთა სიაში, რათა შესაძლებელი გახდეს მომავალში მისი საქართველოში ექსტრადირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. საქართველოს ხელისუფლება წერილის გაგზავნის გარდა არ აწარმოებს მჭიდრო კომუნიკაციას, რაც გულისხმობს მტკიცებულებების გაცვლას, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებას და მეორე, საქართველოს ხელისუფლებას იმდენი ინტერპოლით ძებნილი პირი მოუხსნეს პოლიტიკურად მოტივირების გამო, რომ ავტორიტეტი და ნდობა შეიძლება ჰქონდეთ დაკარგული. რომელი მიზეზია არ ვიცი, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში, ფირზე გადაღებული მკვლელის ინტერპოლის ძებნაზე დასმას რომ ვერ ახერხებს მთავრობა – სამარცხვინოა,’’- აცხადებს ოთო კახიძე.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირის 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებს