“ევროპული საქართველო” კონსტიტუციის სახალხო განხილვაში აქტიურად ერთვება

საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში “ევროპული საქართველო” აქტიურად ერთვება. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, იმ სახალხო განხილვის ფარგლებში “ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებაზე ისაუბრებს.

“საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმ კონსტიტუციური ცვლილებების ბედი, რომელსაც გვთავაზობს “ქართული ოცნება” და რომელსაც იწუნებს მთელი საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები, რადგან მიგვაჩნია, რომ უსამართლოა მანდატების განაწილების წესიც და ასევე მიგვაჩნია, რომ ქართველ ხალხს უნდა დარჩეს უფლება თავად აირჩიოს პრეზიდენტი. ეს საკითხები არის პრინციპული, რადგან ის მეთოდი, რაც მათ შემოგვთავაზეს მხოლოდ ფაშისტურ იტალიაში იყო მუსოლინის დროს, როცა გამარჯვებულ პარტიას მიჰქონდა ყველა გადაუნაწილებელი ხმა”,- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ თუკი ხალხი ერთიანი იქნება, პლებისციტის ჩატარება სრულიად შესაძლებელია. “ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს უახლეს ისტორიას. შესაბამისად აუცილებელია, რომ დავეკითხოთ ხალხს და მოვაწყოთ სახალხო გამოკითხვა. ჩვენ კარდაკარ მოვივლით, თითოეულ ოჯახში შევალთ და ვკითხავთ მოსახლეობას, რა მიაჩნიათ მათ სწორად და მეორეს მხრივ ჩვენ ჩავერთვებით სახალხო განხილვებში და აქაც დაველაპარაკებით ხალხს”, – ამბობს რატიანი.

“ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კამპანია “კარდაკარ”-ს მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებენ. საერთო-სახალხო განხილვის საორგანზიაციო კომისია კანონმდებლებისგან, არასამთავრობო ორგანზიაციებისგან და კონსტიტუციონლაისტებისგან დაკომპლექტდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს – მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილმა მაიკლ მაკმენსა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანის განცხადებებში იკვეთება სამოხელეო დანაშაული-ბიბილაშვილი