ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ხელისუფლებას ომბუდსმენზე თავდასხმებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ მუიჟნიკსიმ Front News International-ს განუცხადა.

“მე ვიცი, რომ გაკეთდა ნეგატიური განცხადებები ქართველი მაღალჩინოსნების მიერ სახალხო დამცველთან დაკავშირებით, ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ ასეთმა სიტყვიერმა თავდასხმებმა შესაძლოა, ამ ინსტიტუტის მდგრადობასა და ეფექტურობაზე გავლენა მოახდინოს. ყველა ომბუდსმენის მსგავსად, სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებების დაცვა, მთავრობების უფლებამოსილების გადამოწმება და უკეთესი მმართველობის ხელშეწყობაა. ეს მთავარი როლი გამოიხატება სწორედ მოხსენებებსა და გამოსვლებში”, – განაცხადა მუიჟნიესკიმ.

მისივე თქმით, ხელისუფლება შესაძლოა, ყოველთვის არ ეთანხმებოდეს სახალხო დამცველის კრიტიკას, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მას საკუთარი ამოცანის შესრულებაში ხელი არ შეუშალონ და იმუშაოს დამოუკიდებლად, ნებისმიერი გაუმართლებელი ზეწოლის გარეშე. ეს ასევე მნიშვნელოვანია ახალი სახალხო დამცველის არჩევის კონტექსტში.

“ამ მიზეზით მიუღებლად მივიჩნევ სიტყვიერ თავდასხმებს სახალხო დამცველის ინსტიტუტზე. დაჟინებით მოვუწოდებ საჯარო დებატების ყველა მონაწილეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ რაიმე სახის განცხადებებისგან, რომელმაც შესაძლოა, სახალხო დამცველის რეპუტაციას ან მის მმართველობას ზიანი მიაყენოს, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მისი საქმიანობის საზოგადოებრივ აღქმაზე”, – განაცხადა მიუჟნიეკსიმ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია”. მინისტრის განცხადებას გაემიჯნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი, რომელსაც წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. დეპუტატის საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ “შალელიშვილზე მხოლოდ ის იცის, რომ პარლამენტში არ დადის და ხელფასს ისე იღებს”.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაგალში შოტლანდიის ხელისუფლების ქმედება გააპროტესტეს