ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით, მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით, მოლაპარაკებები „შემდგომი გადავადების გარეშე“ დაიწყოს.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს წერილს უგზავნის, რომლითაც ევროპარლამენტარები საბჭოს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე – ნოემბრის დასაწყისში სამმხრივი მოლაპარაკები დაიწყოს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს.

„ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შეუძლია, ვიზალიბერალიზაციისგან სარგებელი მიიღოს. საქართველოს შემთხვევა ასეთია“, – აცხადებს მომხსენებელი მარია გაბრიელი საკუთარ მიმართვაში.

მისივე განმარტებით, ევროკავშირმა თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს და აღნიშნული საკითხის შემდგომი გადავადება აღარ უნდა მოხდეს.

ამასთან, ევროდეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, სამმხრივი მოლაპარაკებები მანამ არ უნდა დაიწყოს, სანამ ევროპარლამენტთან ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
შემდეგი სტატიაყირგიზეთში მთავრობა გადადგა