“ევროპა-საქართველოს ურთიერთობები“ – დავით ზალკანიანის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორ ნესტან კირთაძის ინიციატივითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკანიანის საჯარო ლექცია – „ევროპა-საქართველოს ურთიერთობები“.
„მიხარია, რომ ჩვენ, თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ვზრუნავთ, რაც წარმატებით განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვერდით იქნებიან ისეთი ძლიერი პრაქტიკოსები, როგორიც ბატონი დავით ზალკანიანია. სასიამოვნოა, როცა ლექციამ სტუდენტების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა. სტუდენტების აზრით კი, „ეს იყო ძალიან საინტერესო და საჭირო ლექცია და კარგი იქნება მსგავსი ტიპის შეხვედრები, ხშირად თუ ჩატარდება“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ყურადღებაა გაამახვილა საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტებზე, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე და გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე: „მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანი სურვილი ევროპასთან ინტეგრაციისთვის და აღნიშნულ პროცესში აუცილებლად მიაჩნია ახლაგაზრდებისა და საგანმანათლებლო სივრციდან პირების ჩართვა“, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.
„დღევანდელი მსოფლიო დახუნძლულია სერიოზული გამოწვევებით, ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლაციაში, ყველა გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელიც საქართველოს გარშემო, სამეზობლოში (თუ მომიჯნავე რეგიონში) მიმდინარეობს, იწვევს მყისიერ ზეგავლენას.
2014 წლის შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, გადავიდა ევროპასთან ინტეგრაციის თვისობრივად ახალ ეტაპზე. ასოცირების ხელშეკრულება არ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება, ის ჩვენს ქვეყანას ეტაპობრივად აახლოებს ევროკავშირთან და არის ეკონომიკურ-პოლიტიკური ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის პროექტს შეუქცევადს ხდის. ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს საგარეო კურსს, ეხმარება უმთავრესი ფაქტორი – საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსესუსი და მხარდაჭერა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 75%, 65%-ზე მეტი კი – ნატოში ინტეგრაციას. ეს ხელისუფლებას აძლიერებს და ევროპელ პარტნიორებთან საუბრისას ჩვენი არგუმენტები არის გამყარებული. ასოცირების ხელშეკრულება, რომლის თანმდევი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, კიდევ ერთი ბერკეტია. 2006 წელს როდესაც რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკურ ნიადაგზე იძულებით იქნა განდევნილი ქართული კომპანიები და ყველაფერი ქართული აიკრძალა, მაშინ არ ვიყავით სათანადოდ მომზადებული, რათა მომხდარიყო ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაცია. აქედან გამომდინარე, დღეს, თავისუფალი ვაჭრობა გვაძლევს საშუალებას შევიდეთ 500-მილიონიან ბაზარზე.
მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს საერთო მიზანი. ინტეგრაციის გზაზე სვლა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაცია, გავაძლიეროთ სახელმწიფო ინსტიტუტები. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზალიბერაზიზაცია, რომელიც, ევროკავშირის მხრიდან, არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება. ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ინტეგრაციულ პროცესებს აუცილებლად სჭირდება ხალხთა დაახლოება, ბიზნესსაზოგადოებას შორის სწრაფი და ეფექტური მოქმედება.
ბიზნესს არ უყვარს ბიუროკრატიული დაბრკოლებები, ბიზნესმენებისთვის საკუთარ პარტნიორებთან გამყარების პროცესში უმნიშვნელოვანესია დროის ფაქტორი, ამიტომ ბიუროკრატიული ელემენტები, რომელიც ვიზის აღების პროცედურის დროს არსებობდა, მნიშვნელოვნადაა გამარტივებული. ეს პროცესი გამარტივებულია სტუდენტებისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სრული თავისუფლებაა ამ მხრივ. სტუდენტურ და სასწავლო ვიზებთან დაკავშირებით გარკვეული პირობებია, თუმცა მოკლევადიან სასწავლო პროცესებზე, რაც გაცვლით პროგრამებთანაა დაკავშირებული, ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვნად დადებით გავლენას ახდენს.
საქართველოს ხელისუფლებას განსაზღვრული აქვს საბოლოო მიზანი – ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნისკენ ჩვენ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ. ფაქტიურად დასრულებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიას წარუდგინა, მოწონება დაიმსახურა. ეს კიდევ ერთხელ დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.
ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა არის საკმაოდ მოცულობითი, 300-ზე მეტი კანონი და საკანონმდებლო აქტი უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა და მასში ჩართულია, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება. ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეების აქტიურობას – ეს ის პროცესია სადაც ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ. გვაქვს მაღალი დონის ურთიერთობები სახელისუფლებო დონეზე. ბრიუსელში ჩატარებული საქართველო-ევროკავშირის ბოლო საბჭო განსაზღვრავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აწევას, თითოეული სამინისტროს, სტრუქტურის აქტიურად ჩართვას. ეს ყველაფერი მოითხოვს დაძაბულ მუშაობას და ჩვენი ყოველდღიური მუშაობა სწორედ ამისკენაა მიმართული“.
დავით ზალკანიანი ასევე შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს მონაწილეობას სხვადასხვა მისიაში.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიებაზე მუშაობა. ამ კუთხით ერთი პროექტი უკვე დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს მეორე პროექტზე მუშაობა. პირველი პროექტით მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ჩინეთი-ჰონკონგის პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრის გზები, დაიდო შედეგი, თუ როგორ შეიძლება მოერგოს საქართველოს ჩინეთი-ჰონკონგის მაგალითი. მეორე პროექტი, რომელიც დღეის მდგომარეობით შემუშავების პროცესშია, ეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას კონფლიქტის მოგვარების საკითხს და იმას, თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ საქართველოს კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები გამოავლინა
შემდეგი სტატიაპარტიათა დაფინანსების წესში ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა