ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო

ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს უკვე წარუდგინა. მანამდე, დოკუმენტი ევროკომისიის რეესტრში გამოქვეყნდა.

საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა და აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს იმისათვის, რომ მისი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.

“საქართველომ მიაღწია აუცილებელ პროგრესს და შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა ყველა ნიშნულის ეფექტიანი და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამ შეფასებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგისა და ანგარიშის შედეგების საფუძველზე, კომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკის ყველა მოთხოვნას”, – ნათქვამია დოკუმენტში. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს გააგრძელებს.

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ. კერძოდ, ევროპარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა მოამზადოს დასკვნა, რომელსაც ევროპარლამენტარები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ინიციატივა ხმათა მარტივი უმრავლესობით უნდა დამტკიცდეს. ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება. უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა ძალაში, თუ ევროკავშირის საბჭო სხვა თარიღს არ მიუთითებს.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი სავარაუდოდ, ივნისში გაუქმდება.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის 26 სახელმწიფოსა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქაალქეები ჩამოთვლილ ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში, ჯამში 90 დღით შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა 6 შტატში გაიმარჯვა
შემდეგი სტატია„იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”-მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს