ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა

evrok_223 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდება ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას, შეუქცევადად და სრული სვლით წარიმართება.

ხელშეკრულებას, რომლის სრული სახელია „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის”, ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

რატიფიკაციის პროცესის დასრულებამდე მხარეების მიერ მიმდინარეობდა შეთანხმების იმ დებულებების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. მათ შორისაა: ზოგადი პრინციპების კარი; პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კარის, ასევე თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების კარის გარკვეული დებულებები; ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კარის დებულებათა უმრავლესობა; ეკონომიკური კარის, ასევე სხვა სექტორული თანამშრომლობის კარის გარკვეული დებულებები; ფინანსური დახმარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის და კონტროლის კარი; ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებების უმრავლესობა, ასევე შეთანხმებაზე დართული დირექტივების ნაწილი.

ასოცირების შეთანხმება ასევე მოიცავს სფეროებს, რომლებშიც ევროკავშირი კომპეტენციას ინაწილებს წევრ ქვეყნებთან, და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. შესაბამისად, შეთანხმების მხარეებად ევროკავშირთან ერთად გამოდიან მისი წევრი ქვეყნები და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ასოცირების შეთანხმების აღნიშნული დებულებები ამოქმედდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 1 ივლისიდან. ამ დღიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საბოლოოდ დაკარგავს ძალას და ჩანაცვლდება ასოცირების შეთანხმებით. 1 ივლისიდან საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპს უკვე ოფიციალურად და სრულმასშტაბიანად დაიწყებს.

“ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსი თანამდებობიდან წავიდა