ევროკავშირი- საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა მშვიდობიან და მოწესრიგებულ გარემოში

ევროკავშირი მიესალმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საერთო ჯამში გაიმართა მშვიდობიან და მოწესრიგებულ გარემოში – ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს 2016 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში.
ევროკავშირის საბჭომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნებთან და უბნებზე მომხდარი ზოგიერთი ინციდენტის გარდა, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები იყო კომპეტენტური, კარგად ადმინისტრირებული და გაიმართა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით.
„ევროკავშირი მზად არის, ითანამშრომლოს დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, როგორც კი საარჩევნო პროცესი დასრულდება და მოუწოდებს პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“ – ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტშია ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში კონფლიქტის შედეგების დასაძლევად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის საშუალებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთგული.
„დემოკრატიული და სტაბილური აღმოსავლეთ სამეზობლო ევროკავშირისთვის პრიორიტეტად რჩება. ევროკავშირის მიდგომა აღმოსალეთ პარტნიორობის წევრებისადმი ეფუძნება 2015 წელს რიგაში სამიტის დროს შეთანხმებულ პრინციპებს“ – ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიამ შემზარავ ფაქტს ხელისუფლება იყენებს ენმ-ის გასანადგურებლად – ოთო კახიძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე სებ-ს სავალუტო ჯიხერებზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს „რეალური პრობლემების მიჩქმალვას“ უწოდებს