ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა შეაჯამეს

საქართველოს პარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ. სხდომას თანათავმჯდომარეები – თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი ხელმძღვანელობდნენ.

კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა, სხდომის მუშაობა მედიასთან შეაჯამეს და მათ ერთობლივად შემუშავებული განცხადება გააცნეს.

თამარ ხულორდავას თქმით, ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავეს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. მისი განმარტებით, ასოცირების კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ, ასოცირების შეთანხმების განხორციელების საპარლამენტო ზედამხედველობაა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, ის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ყალიბდება საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის.

კომიტეტის თანათავმჯდომარემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება იმ განცხადებიდან, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელებმა მიიღეს და რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებსა და პერსპექტივებს ეხება.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტს, განსაკუთრებითკი, ჩვენს აქტიურ მხარდამჭერებს ევროპარლამენტში საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავიდანვე აქტიურად უჭერდნენ მხარს ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას. ბოლო პერიოდმა ცხადყო, რომ საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც მან აღნიშნა, ორმხრივი შეხვედრების დროს ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი, შეუცვლელი და უპირობო მხარდაჭერა.

„ეს არის ჩვენთვის მტკივნეულიდა აქტუალური საკითხი, რომელიც მუდმივად დგას ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში“, – აღნიშნა ხულორდავამ.

თამარ ხულორდავამ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში, თუმცა ეს არ არის ჩვენი ამბიციების მწვერვალი, ეს არ არის ბოლო გაჩერება. ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ჩვენ უფრო შორს მიმავალი გეგმები გვაქვს, ვიდრე ის რეალობაა, რასაც ასოცირების შეთანხმება უკვე გვაძლევს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, საჯად კარიმმა მადლობა გადაუხადა კოლეგას აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის.

ევროპარლამენტარი მიესალმა, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (COREPER) მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად შესაბამისი რეგულაციის ცვლილების დამტკიცებას. მისი თქმით, ეს არის ევროპარლამენტისადმი ცალსახა გზავნილი. ევროპარლამენტმა, ხმის მიცემით, უნდა უზრუნველყოს საბოლოო შედეგი, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დადგება.

„იმედია, ჩვენ მალე მივალთ იმ მომენტამდე, რომელიც გადამწყვეტი იქნება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის. ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ დიდი ხანია მზაობა გამოთქვა თავისი დეკლარირებული ევროპული მომავლისადმი. ჩვენ განვაგრძობთ ამაში ინვესტირებას“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან.

banner
წინა სტატიაშიახლადგახსნილი გვირაბით ევროპიდან აზიაში პირველად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი გადავიდნენ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები საპატიო სტენდიდან ჩამოხსნეს