ევა გოცირიძე ღია წერილს ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რაკი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეების არჩევის პატივცემულმა კომიტეტმა (ამიერიდან მოვიხსენიებ, როგორც „კომიტეტს“) საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია უკან დააბრუნა, ალბათ მართლაც ჰპოვა შესაბამისი არგუმენტები. დასანანია, რომ ასე მოხდა.. ახლა ყველას ვალია ამ წარუმატებლობის მიზეზები გავარკვიოთ. თუმცა, ბევრი ფარული თუ გაუმხელელი მიზეზიც არსებობს და ამაზე გვართებს უწინარესად დაფიქრება.

ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოითქვა თუ არა რაიმე პრეტენზია უშუალოდ ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომიტეტში. გასაუბრების დროს კომიტეტის წევრთა რეაქციის მიხედვით მე არ დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ჩემთვის მოსალოდნელი ყოფილიყო. უფრო მეტიც, კომიტეტის ბრიტანელმა წვრმა ისიც კი მკითხა, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთი შთამბეჭდავი (მან სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა -“impressive”) გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, თავიდანვე არ მოვხვდი სიაში (იგულისხმა კანდიდატთა პირველი სია საქართველოდან წარდგენილი). ალბათ ისიც საგულისხმოა, რომ დასმულ კითხვათა ერთი ნაწილი არც იყო სამართლებრივი ხასიათისა. მაგალითად, ერთი ასეთი შეკითხვაც დამისვეს: როგორ აისახებოდა ჩემი არჩევა საქართველოში კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ამგვარი შეკითხვების დასმა შესაძლოა იმის შემოწმებას ისახავდა მიზნად, ჩავერთვებოდი თუ არა პოლიტიკურ დისკუსიაში. მჯერა, რომ ჩემმა კოლეგებაც ღირსეულად გაართვეს თავი კომიტეტის წევრების (რომლებიც პოლიტიკოსები არიან) მიერ დასმულ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს. უფრო მეტიც. ჩემზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში ბატონი ბადაშვილის ცოდნა, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც სტრასბურგის სასამართლოს იურისტია, ვინმეს მხრიდან ყოფილიყო დასაწუნი. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, და ჩემთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდებოდა კულუარებში მას შემდეგ, რაც ჩემი გვარი გაჩნდა სიაში.

განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ მთელი არასამთავრობო სექტორისა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან – არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს ერთი საერთო მიზნით შთაგონებულებმა, წერილები აფრინეს ჩემს წინააღმდეგ ხსენებულ კომიტეტში. თვით სახალხო დამცველმაც არ ითაკილა ბევრი აუგის თქმა ჩემი მისამართით ევროსაბჭოს მაღალი თანამდებობის პირებთან. როგორც არ უნდა გაიკვირვოს ბატონმა უჩამ, ეს ამბავი მეც შევიტყვე სრულიად სხვა წყაროებიდან. არავის ვსაყვედურობ.. ან რა უფლება მაქვს ვინმეს ავუკრძალო იმოქმედოს თავისი ნება-სურვილის შესაბამისად. სწორედ ეს არის სინდისის თავისუფლება – უფლება იმოქმედო ისე, როგორც ამას გკარნახობს საკუთარი სინდისი. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სინდისის თავისუფლება ემყარება ადამიანის ღირსებას და მის უნარს – გაარჩიოს „კარგი“ და „ცუდი“, „კეთილი“ და „ბოროტი“. თუ დასახელებულ პირებს მიგაჩნიათ, რომ მე ვარ „ცუდი“ და „ბოროტი“, გზა ხსნილია, თქვენთვის, ბატონებო. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალთა ასეთ მობილიზაციას და კანდიდატურებზე ნეგატიური ინფორმაციისა და ცილისწამების შტურმს ნამდვილად შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა კომისიის წევრთა საერთო განწყობებზე. არც ისაა სწორი, რომ კომიტეტზე არ მომეცა ჩემს წინააღმდეგ წარგზავნილ პასკვილებში წამოყენებულ პრეტენზიებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. აი ეს კი მართლაც არ შეესაბამება სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპს – მოუსმინე მეორე მხარესაც.

მე მაინც მადლობელი ვარ, რადგან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. განსაკუთრებით მადლიერი ვარ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, რომელმაც დიდი პატივი დამდო და ამ პროცესში ღიად დამიჭირა მხარი. ასეთი სოლიდური და ავტორიტეტული ორგანიზაციის და ზოგიერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერამ იმგვარი სიამაყით ამავსო, რომ ამან მთლიანად გადაფარა ის მორალური ზიანი, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით გაერთიანებულმა და კულუარულ ხრიკებში დაოსტატებულმა ჩემმა ოპონენტებმა მომაყენეს.

მაგრამ მე იმდენად ჩემზე კი არა, საზოგადო პრობლემაზე მოგახსენებთ და მასზე შემტკივა გული: გარკვეულმა ძალებმა, სამწუხაროდ, კანდიდატთა შერჩევის პროცესი პოლიტიკური ბრძოლის არენად გადააქციეს. მეჩვენება, რომ რაგინდ რა საუკეთესო პროცედურები შემოვიღოთ კანდიდატების შერჩევისას, და ვინც არ უნდა შეირჩეს, გარკვეულ ძალთა ეს თავგანწირული მობილიზაცია კონკურსის ეტაპზეც, საქართველოში თუ შემდგომ, სტრასბურგშიც, მაინც გაგრძელდება. და გაგრძელდება მანამ, სანამ სიაში ამ ძალებისათვის მისაღები კანდიდატი არ მოხვდება და, სანამ გარკვეული საქმეების განხილვა არ დასრულდება ევროპის სასამართლოში. დიახ, ეს შეიძლება მართლაც უკავშირდებოდეს მერაბიშვილის საქმის განხილვას სტრასბურგში, რომელიც მარტის თვეშია ჩანიშნული და სხვა მომავალ საქმეებს. თორემ, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ სტრასბურგის მოსამართლის შერჩევა პირველად მოხდა კონკურსის გზით, სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით, ქულობრივი შეფასების საფუძველზე, მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე მოსამართლეობის კანდიდატთა სია ყოველგვარი პროცედურების გაუვლელად მაშინდელი პრეზიდენტის ნება-სურვილის მიხედვით შეარჩიეს და არც სტრასბურგს მიუჩნევია ინტერესთა კონფლიქტად ასეთ პირობებში გენერალური პროკურორის (ზ. ადეიშვილის) მოადგილის კანდიდატურის წამოყენება. არავის გვახსოვს მაშინ უფლებადამცველ ბატონ უჩას და საერთოდ, არასამთავრობო სექტორს, ეს თუნდაც მორიდებით გაეპროტესტებინოს. ახლა მათ უკვე შესარჩევ კომისიაში ფართო ჩართულობაც აღარ აკმაყოფილებთ და კომისიაში უმრავლესობით წარმომადგენლობას მოითხოვენ. და ეს კარგის მაჩვენებელია, კერძოდ, დემოკრატიის განვითარებისა, რადგან ასეთი მოთხოვნების დაყენება მხოლოდ ფართო დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი.

ასეა თუ ისე, შედეგად მივიღეთ ის, რომ სიის ჩავარდნის გამო ამჟამინდელ მოსამართლეს გაუხანგრძლივდა ვადა და მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში ადეიშვილის მოადგილე განიხილავს. მოკლედ, მიზანი უკვე მიღწეულია, მიზანი, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. ასე რომ, ამ პროცედურებში ყოველთვის იყო და დღესაც არის პოლიტიკური შემადგენელი საკმაო დოზით;

ისიც მტკნარი სიცრუეა, რომ სიის ჩავარდნა ძალზე იშვიათია. მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ჩვენ გასაუბრება გავიარეთ ევროსაბჭოს პარიზის ოფისში, ერთბაშად ორი ქვეყნის სია დაიბლოკა, უნგრეთისა და ალბანეთისა, და პარიზში ჩასული კანდიდატები გასაუბრებაზეც კი არ დაუშვეს. ამ ფაქტის გამო ჩვენ დანიშნულზე 3 საათით ადრე დაგვიბარეს ოფისში. ცნობილია, რომ ზოგიერთი ქვეყნის ადგილი წლების განმავლობაში დარჩენილა ვაკანტური მიზეზთა გამო.

კანდიდატთა არც სამკაციანი და არც ხუთკაციანი სია მთავრობას არ შუდგენია. ის კომისიამ შეადგინა გასაუბრებისა და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე. შემდეგ, რაკი შეფასება ქულებს ემყარებოდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის იყო, რომ მთავრობას სიის პირველი სამი კანდიდატი წარედგინა. და ის ასეც მოიქცა. ნებისმიერი სხვაგვარი გადაწყვეტა აღქმული იქნებოდა მიკერძოებად. მე მხოლოდ მას შემდეგ გავჩნდი სამკაციან სიაში, რაც ერთ-ერთი კანდიდატურის (ქ-ნი ნანა მჭედლიძის) ჩანაცვლებაზე საქართველოს მთავრობას პირდაპირი რეკომენდაცია მისცა თავად ევროსაბჭომ. ის, თუ რატომ გააკეთა მთავრობამ არჩევანი ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ მე მეხუთე ვიყავი სიაში, ხოლო ქ-ნი ანა დოლიძე კი – მეოთხე, ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის არავის აუხსნია ამის მიზეზები. მაგრამ შემიძლია ვივარაუდო. ვფიქრობ იმიტომ, რომ ხოლო ქ-ნ ანას სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნდა და იმხანად (თუ ბოლო პერიოდში) თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანმდებობა ეკავა. შესაბამისად, გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა თავდაცვის სფეროდან ადამიანის უფლებებისაკენ დამაკავშირებელი ხიდის გადება. მაშინ როდესაც, მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიმუშავია მართლმსაჯულების სისტემის გარეთ და ადამიანის უფლებათა სფეროშიც საქმიანობის დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება გამაჩნდა.

ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ დიდ პატივს ვცემ ქ-ნ ნანა მჭდლიძესაც, ქ-ნ ანა დოლიძესაც და ყველა ჩემს კოლეგასა თუ კონკურენტს. მწამს, რომ არცერთი ჩვენთაგანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე ნაკლებ როლს არ შევასრულებდით ადამიანის უფლებათა ევროპულ მართლმსაჯულებაში, და რომ ჩვენთან დაკავშირებით არცერთი ნეგატიური გადაწყვეტილება, მიღებული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე, არცერთი ჩვენგანის პროფესიულ რეპუტაციას არავითარ ჩრდილს არ აყენებს. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ თავიანთ მომავალ პროფესიულ წინსვლაში.
ცხადია, კანდიდატების შერჩევის უფრო უკეთესი პროცედურებიც შეიძლება შევიმუშაოთ, მაგარამ ვერავითარი პროცედურები და ქულების სისტემა ვერ გვიშველის, თუ შემფასებელებლები იქნებიან მიკერძოებულნი. გასულ კონკურსში არასამთავრობო სექტორის მხრიდან ჩემი ცოდნის შეფასება მხოლოდ უსამართლო და მიკერძოებული კი არა, იმდენად აბსურდული იყო, რომ ასეთ დროს ფილოსოფიას უნდა შეაფარო თავი ანდა მართლა დაიჯერო, რომ მიზანი, თუ ის დიადია, ამართლებს უსამართლობას, უპატიოსნობას და ყოველგვარ მანკიერებას. არადა, ეს „დიადი მიზანი“ ის იყო, რაც შეიძლება დაბალი საბოლოო ქულა მიმეღო, არ მოვხვედრილიყავი ხუთკაციან სიაში და ჩემი შანსები თავიდანვე მაქსიმალურად შემცირებულიყო. აი, აქედანვე დაიწყო ჩემი დევნა და კამპანია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ. საერთოდაც იმ აზრის ვარ, რომ ვერავითარი კარგი კანონი და პროცედურები ვერ აქცევს ადამიანს პატიოსნად. პირიქით კი შეიძლება. პატიოსანი ადამიანის ხელში ცუდი კანონიც კი კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

დაბოლოს, თავს ნებას მივცემ გადავუხვიო ძირითად თემას და რამდენიმე სიტყვა ვთქვა ჩემი მისამართით გამოთქმული კრიტიკის ნიაღვარზე: ორიოდე დღის წინ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ბატონების მამუკა ახვლედიანისა და ზაზა ხატიაშვილის გამოსვლები მოვისმინე. ხატიშვილის მხრიდან ჩემი ლანძღვა-გინება და ცილისწამება, რაოდენობრივად თუ ხარისხობრივად, ისეთ მასშტაბებს იძენს, და ეს პროცესი მას ისეთ ეგზალტაციაში, აღტყინებასა და ნეტარებაში ამყოფებს, რომ ეს ჩემში მხოლოდ გაოცებასა და ღიმილს იწვევს.. რაღა დაგიმალოთ და ვიხალისე ძალიან… თითქოს კინტაურს ვუცქერდი. დებატებში მართლაც ვეღარ დავჯდები თქვენთან, ბატონო ზაზა, რადგან მე კინტაური არ ვიცი და ვგონებ ვერც ვისწავლი ვერასოდეს. აი, თქვენ კი თუ ოდესმე ვაჟკაცურ და დარბაისლურ ქცევასა და კამათს ისწავლით, მაშინ შეიძლება… თუმცა, არა მგონია ეს ოდესმე შეძლოთ… როგორც გ. რობაქიძე იტყოდა, „რასსა არ გეყოფათ“! მანამდე კი, დიდი სიამოვნებით ვიხალისებ თქვენი და თქვენისთანების პოლიტიკური თოქშოუ კინტაურით.

ზოგიერთ მოვლენას რომ ვაკვირდები დღეს, დიდი სინანული მიპყრობს. შექსპირის 66-ე სონეტი მახსენდება. ახლა ის დროა, როდესაც ყოფილი მექრთამეები და კორუფციის ჭაობიდან აღზევებულები ქალწულებრივ პატიოსნებასა და მიუკერძოებლობაზე საუბრობენ, ხოლო მათთან ლოგიკურად დამეგობრებული ყოფილი კუდის აგენტები კი მორალს გვიკითხავენ, თანაც თავდაჯერებული პათეტიკითა და შთაგონებით.

და ეს არის „გამოხატვის დიადი თავისუფლება“. დიახ, ჩვენში სიტყვის თავისუფლება სხვისი შეურაცხყოფისა და ცილისწამების თავისუფლების სინონიმად არის გადაქცეული. მართლაც რომ დასანანია”,- ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაში„მე ადამიანი მოვკალი, მარა „პატრონი“ მყავს“ – აქცია პროკურატურასთან
შემდეგი სტატიაგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი