ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა


2018 წლის 12 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საქართველოს პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და დაგმო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, აგრეთვე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე კვლავ გრძელდება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ  ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული  ნაბიჯები.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე შედეგებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოაქვს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს. მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა გალისა და ახალგორის რაიონებში არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მუშაობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის წარმოშობის რისკს.

დავით დონდუამ დაგმო არჩილ ტატუნაშვილის უკანონოდ დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და სრული პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები და გატაცებები იწვევს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას.

 

დავით დონდუამ ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ეუთო-ს ფარგლებში აქტიურად განხილვის საჭიროებას. აქცენტი გააკეთა საერთაშორისო დღის წესრიგში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების, მათ შორის, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის გააქტიურების აუცილებლობაზე. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ეუთო გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ ჩართულობას.

ევროკავშირმა დაგმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. შეშფოთება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.

აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ათი წელია, რუსეთი ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა, აგრძელებს რა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას მაშინ, როდესაც საქართველო ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას. აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ძალები ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.​

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვენას სამუშაო ვიზიტით 11-12 აპრილს ეწვია. იტალიის თავმჯდომარეობის მოწვევით, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს მუდმივ საბჭოს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი დათანხმდა “საპასუხო ზომები” მიღებაზე
შემდეგი სტატია28 თებერვლიდან სირიის დუმა 42 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა