„ეს შენ გეხებას” წევრები სესიაშვილს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ

კამპანია „ეს შენ გეხებას” წევრები საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

როგორც კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ გამართულ ბრიფინგზე ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ეხება კონტრდაზვერვითი საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელიც პირველ რიგში წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომ სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურები ებრძოდნენ მათ შორის ტერორიზმს და ძალიან მძიმე საფრთხეებს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არის მცდარი ინფორმაცია და ეს არის მცდელობა, რომ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დისკრედიტაცია.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ალბათ დაიწყება გარკვეული მცდელობები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დისკრედიტაცია მოხდეს. მათ შორის უკვე გაჟღერდა განცხადებები პარლამენტის წევრების მხრიდან, რომლებიც საუბრობენ, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეზღუდა ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ანტიტერორისტული მიზნებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამაზე საუბრობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც. დარწმუნებული ვარ პარლამენტის ყველა წევრი ძალიან კარგად ხვდება სინამდვილეში რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა საზოგადოებისთვის რომ განვმარტოთ, სასამართლომ მისცა 11 თვე ხელისუფლებას, რომ დახვეწოს კანონმდებლობა და ასევე მექანიზმის გაუქმება არ მომხდარა დაუყოვნებლივ სწორედ იმიტომ, რომ საჭიროა ფუნდამენტური რეფორმა და ასევე იმისთვის, რომ არ დარჩეს სამართალდამცველი სისტემა ყველანაირი ბერკეტისა და მექანიზმის გარეშე. სასამართლომ საკმაოდ გონივრული ვადა მისცა საქართველოს პარლამენტს რეფორმირებისთვის“, – განაცხადა სოფიო ვერძეულმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა პირობა დადო, რომ „დონალდ კუკთან“ დაკავშირებით შურს იძიებს
შემდეგი სტატია”ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკუთარ მოდელს წარადგენს