”ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკუთარ მოდელს წარადგენს

კამპანია ”ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკუთარ მოდელს წარადგენს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ახალი მოდელის წარდგენა მოხდება რამდენიმე დღეში, ამ თემასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე.

”ჩვენ შევხვდით ბევრ პოლიტიკურ პარტიას. მათთან შევთანხმდით ერთ კონცეფციაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი იმ უწყებასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს თვალთვალს და მიყურადებას. ეს უწყება არ იქნება დაინტერესებული, რომ ვიღაც ჩაწეროს ან ვიღაცას მოუსმინოს. ეს არის მთავარი. ჩვენ კონცეფციას წარვუდგენთ საზოგადოებას რამდენიმე დღეში, სადაც ამ საკითხზე გაიმართება კონფერენცია”, – განაცხადა გიგაურმა.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით კი, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ექნება ე.წ. გასაღები. მისივე თქმით, ამ ორგანოზე კონტროლი უნდა განახორციელონ პარლამენტმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.

”შსს-ს და არც სუს-ს პროფესიული ინტერესი აქვთ, იცოდნენ რაც შეიძლება მეტი და ადვილად მოიპოვონ პირადი ინფორმაციები. ამ ინტერესის აღმოფხვრისთვის ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამიჯნული დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ვალდებული და რომელსაც გადაეცემა ერთი გასაღები. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც არ ექნება არც საგამოძიებო და არც კონტრდაზვერვითი და სამართალდაცვითი ფუნქცია. მას გადაეცემა ეს გასაღები. როდესაც საგამოძიებო ორგანოს დასჭირდება ის, რომ მოუსმინოს კონკრეტულ სატელეფონო საუბარს და ეს გამოიყენოს მტკიცებულებად სასამართლოში, მან უნდა მიიღოს სასამართლოსგან განჩინება, ეს განჩინება მიიტანოს დამოუკიდებელ ორგანოში და ამ განჩინების საფუძველზე ორგანომ უზრუველყოს კონკრეტული პირის ჩაწერა”, – აღნიშნა გოცირიძემ.

”საიას” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო თავად არ აღმოჩნდეს ჩართული დანაშაულებრივ ქმედებაში, ”რისი მაგალითიც გვაქვს არაერთი, მათ შორის გავრცელებული ფარული ჩანაწერების სახით”.

”დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული სახელმწიფოსთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს მყარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ერთხელ და სამუდამოდ იქნებიან დაცულნი ფარული უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადების და ამ მეთობით სახელმწიფოებრივი პროცესების მართვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვეღარ შეებრძოლება კრიმინალს. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო თავად არ გახდება კრიმინალი”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ეს შენ გეხებას” წევრები სესიაშვილს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიახეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება