ეს ქვეყანა გაძლევს მუშაობის,სწავლისა და თვითდაფინანსების საშუალებას

aqwer„ეს ქვეყანა გაძლევს მუშაობის,სწავლისა და თვითდაფინანსების საშუალებას“,–სალომე სალაძის ვენური სტუდენტური დღიურები

სალომე სალაძე ვენის უნივერსიტეტის პოლიტიკის და დიპლომატიის მაგისტრია.საქართველოში,თსუ–ში,საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე ზალცბურგში პოლიტიკის  მიმართულებით სწავლობდა.მისი მიზანი პოლიტიკის,როგორც მეცნიერების სიღრმისეულად  შესწავლაა.

რატომ მაინცდამაინც ვენა?პასუხსაც არ აყოვნებს და გვეუბნება,რომ პროფესიული თვალსაზრისით, აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანიზაციებია თავმოყრილი,ცხოვრებისა და სწავლების დონეც აბსოლუტურად განსხვავებულია.

თავის დროზე მიუნხენით „დაავადებულ“ ახალგაზრდას აქაური გარემო და სტუდენტური ცხოვრება ძალიან მოსწონებია. განსაკუთრებით,  სწავლის ხარისხი, უნივერსიტეტების დიდი ეზოები და სტუდენტების თავშეყრა.

ამბობს,რომ ვენაში,სწავლების სისტემა მთლად სტუდენტზეა მორგებული.ლექტორებიც მაქსიმალურად იხარჯებიან მათზე.

სტუდენტური ცხოვრების კვალდაკვალ აქ ბევრ სამეცნიერო,სასწავლო და საგანმათლებლო პროექტებს ახორციელებს/ბენ.

ჩვენს შეკითხვაზე?რას გვეტყოდით სტუდენტურ დასაქმებებზე,ცხოვრებაზე და მოკლედ,რომ ვთქვათ ეკონომიკურ ასპექტებზე?გვპასუხობს,აქ ყველაფერი ისე ჰარმონიულადაა შეთანხმებული,რომ სწავლა მუშაობაში ხელს არ გიშლის.

მოკლედ,რატომ მაინცდამაინც ვენა,რა გზა გაიარა მანამდე,როგორია სწავლების სისტემა და ბევრ სხვა დეტალს სალომეს ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

–სალომე,სად სწავლობთ/დით,რა სპეციალობაზე და რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?

მე ვარ სალომე სალაძე.ამჟამად ვსწავლობ ვენის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრატურაზე.

იქედან გამომდინარე,რომ საქართველოშიც დაახლოებით იგივე თემატიკას – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით  ვსწავლობდი, აქ ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ პოლიტიკა, როგორც მეცნიერება უფრო სიღრმისეულად შემესწავლა და სწორედ ამან განაპირობა ამ ფაკულტეტის არჩევა. ამასთანავე, ვენაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანიზაციაა განთავსებული და აქაურობა ერთგვარად ევროპის ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრია, ამიტომ, ორმაგად საინტერესოა ჩემთვის ამ ქალაქში ცხოვრება და სწავლა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ევროპისთვის  ყველაზე აქტუალური თემა მიგრაციაა და ავსტრიის სახელმწიფოც ამ თემაზე ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებს, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკასთან ერთად საერთაშორისო განვითარების და მიგრაციის უფრო სიღმისეული შესწავლა დავიწყო, რადგან ეს არის თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს.

–მოკლედ,რომ მოგვიყვეთ ავსტრიაში მოხვედრის ისტორია…

რაც შეეხება ავსტრიაში მოხვედრას. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პირველად 2012 წელს ვიყავი  გერმანიაში, როცა ერთ-ერთი საზაფხულო გაცვლითი პროგრამით მიუნხენში ჩამოვედი და მას შემდეგ  „დაავვადდი“ ამ ქვეყნით. მომწონდა ყველაფერი, განსაკუთრებით  განათლების სისტემა, სწავლების სტილი,  უზარმაზარი უნივერსიტეტები დიდი ეზოებით, რომელიც  ყოველი კარგი ამინდისას სტუდენტებით ივსებოდა. იმ  ეტაპზე ერთგვარი ოცნებაც კი იყო ჩემთვის ამ ქვეყანაში განათლების მიღება, მაგრამ რაც არ უნდა მიუღწეველზე ვოცნებობდეთ, მონდომება  და შრომა ყველაფერს შეგვაძლებინებს! მიუნხენში ცხოვრების შემდეგ უკვე ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, პოლიტიკის  ფაკულტეტზე. ამას  ისიც დაერთო, რომ მონაწილეობა მივიღე „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევ კონკურსში და გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში. აღნიშნული პროგრამა საქართველოს  სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, საგარეო და დიასპორის სამინისტროების მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა მსოფლიოს 10 ქვეყანაში აქტიური ახალგაზრდების მოძიებას, რომლებიც თავიანთი აქტივობებით უცხოელებს, ჩემ შემთხვევაში ავსტრიელებს  საქართველოს გააცნობდა და ამავე დროს აქ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს გააერთიანებდა. ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში, ავსტრიაში არსებული რესურსების გათვალისწინებით ჩემ მიერ განხორციელებული 40-მდე ქართული ღონისძიებით ეს მისია სრულყოფილად შევასრულე. აქტივობების მასშტაბებმა  განაპირობა  ზალცბურგიდან ვენაში სასწავლებლად გადმოსვლა, რადგან აქ ბევრად მეტია იმის შესაძლებლობა მსგავს ღონისძიებებს,ორგანიზება,რომ გაუკეთო.

jhg

–როგორია თქ ვენი დამოკიდებულება ვენურ სასწავლო სისტემასთან?

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას აქაური სწავლის სისტემის,ასევე უნივერსიტეტის და აკადემიური პრსონალის მიმართ. საერთო ჯამში მინდა ვთქვა, რომ საუნივერსიტეტო სისტემა არის ისეთი, როგორსაც ველოდი და ისეთი, როგორიც მინდა რომ იყოს საქართველოში, როცა უნივერსიტეტი ეკუთვნით სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, როდესაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალი და უბრალო სტუდენტიც კი არიან ერთი და იგივე „ წონის“ მქონე პირები,ლექტორი გესაუბრება, როგორც თავის თანატოლს, მეგობარს, გირჩევს და ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს. ბუნებრივია იქნებიან გამონაკლისებიც, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მხოლოდ დადებითად შემიძლია მათი დახასიათება.

–შეგვიდარეთ ავსტრია  და საქართველო განათლების,სწავლების მხრივ…

ეს არის ქვეყანა, რომელიც კვლევებსა და სამეცნიერო სამუშაოებში მთლიანი შიდა პროდუქტის 3,1%-ს დებს, მაშინ როცა საქართველოში ეს რიცხვი 0,16%-ია და ეს რიცხვები ცხოვრების დონეზე, ასევე განათლების ხარისხზეც აისახება. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აქაური უნივერსიტეტი გაძლევს საშუალებას თავად აირჩიო შენი სასწავლო გრაფიკი, თავად შეადგინო სასურველი ცხრილი, უმარტივესად დარეგისტრირდე ონლაინ-ბაზაში, ასევე ონლაინ მიიღო სასწავლო ლიტერატურა და დამხმარე მასალები. შენი პირადი გვერდით შეიტყო ყველა იმ ღონისძების შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი გეგმავს. უნივერსიტეტი ცდილობს სტუდენტისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს სწავლა, ისე, რომ ხელი შეუწყოს მუშაობაში.

–რა და რა სახის სტუდენტურ,სამეცნიერო,საგანმათლებლო და ა.შ აქტივობებს/პროექტებს ახორციელებთ?

სამწუხაროდ, წინა წლამდე ავსტრიაში არ არსებობდა რაიმე ტიპის ქართული გაერთიანება, ხოლო  ახალგაზრდა ელჩის პროექტის ფარგელბში „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის“  შექმნით მოვახერხეთ ის, რომ მსგავს ღონისძიებებს ორგანიზებული სახე მივეცით და ამ ასოციაციაში მყოფი ქართველი სტუდენტები მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. მაგალითად, ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში, სადაც შეგვიძლია ქართული კულტურა, ცეკვა, მრავალხმიანი სიმღერა წარვადგინოთ. ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა სახის გამოფენას, რომლის დახმარებითაც საშუალება ეძლევათ ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს თავიანთი ნაშრომები წარმოაჩინონ. ურთიერთობა გვაქვს ჩვენივე თანატოლ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ვმართავთ ქართულ საღამოებს, სადაც კულტურასთან ერთად ქართული ენის, ტრადიციების, ღვინის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით აქაურებს.მომდევნო ღონისძიება სპორტული ხასიათისაა და ავსტრიაში მცხოვრები ქართველების სახელით მონაწილეობას ვიღებთ გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ტურნირში, ქალაქ შტუტგარტში.

და ყველაზე მთავარი, სტუდენტურ ასოციაციაში შევიმუშავეთ ორი პროექტი „სწავლა ავსტრიაში“ და „მენტორების პროგრამა“. პირველი მათგანი არის ერთგვარი მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება აინტერესებდეს ავსტრიაში განათლების მიღების მსურველს. მეორე პროექტი კი ითვალისწინებს იმას, რომ სტუდენტური ასოციაციის წევრები,მსურველები ვართ მენტორები და დახმარებას პირადად ვუწევთ საქართველოდან ავსტრიაში სასწავლებლად ჩამოსვლის მსურველებს. ბუნებრივია ორივე პროექტში მონაწილეობა უფასოა და ეს პროექტები ენთუზიაზმის საფუძველზე შევქმენით იმისთვის, რომ ის გზა, რომელიც აქ მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა დამოუკიდებლად, ხშირად ძალიან დიდი ძალისხმევის ხარჯზე გამოვიარეთ, სხვებს გავუადვილოთ და უფრო მარტივად შეძლონ ავსტრიაში.

–რას გვეტყოდით სტუდენტურ დასაქმებებზე,ცხოვრებაზე და მოკლედ,რომ ვთქვათ ეკონომიკურ ასპექტებზე?

აღსანიშნავია სტუდენტური სამსახურებიც, ჩემ ირგვლივ არ არსებობს სტუდენტი, რომელიც უმუშევარია. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიაში სწავლა ფასიანია და ხშირ შემთხვევაში ეს თანხა სემესტრულად 380 ევროს შეადგენს, ამას ემატება სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების, კვების ხარჯები, დაზღვევა, სამგზავრო ბილეთი და საშუალოდ ავსტრიაში სტუდენტის შემოსავალი მინიმუმ 600 ევრო უნდა იყოს, რომ აქ იცხოვრო და სწავლა მოახერხო, ეს თანხა კი საქართველოში ძალიან დიდია, ამიტომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია აქ მცხოვრები სტუდენტი მშობლებმა  საქართველოდან „არჩინონ“ და  თითოეული ჩვენგანი საკუთარი ძალებით ვცდილობთ დავაფინანსოთ ეს ყველაფერი.   ეს ქვეყანა გაძლევს იმის უფლებას, რომ იმუშაო, ისწავლო და შენი სწავლა შენვე დააფინანსო, რაც მთავარია, ისწავლო ხარისხიანად და მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდები კვალიფიციურ კადრად, ზრუნავს შენს დასაქმებაზე.

poi

–ყველაზე მეტად,რა გაგიჭირდათ?

ერთადერთი, რაც ჩემთვის ქართული ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ძალიან გამიჭირდა დილის 6 საათზე დღის დაწყება იყო, რაც აქაურების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც მარტივად მივეჩვიე. ასევე გაკვირვებას იწვევდა ისიც, რომ დილით ტრანსპორტში შესულს თითქმის ყველა მგზავრი რაღაცას კითხულობდა, გაზეთს, წიგნს…

–რა მოგწონთ ამ ქვეყანაში?

რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს ქვეყანა  გეხმარება მაქსიმალურად ირწმუნო შენი შესაძლებლობების, რადგან თუ მიზანს ისახავ და ამ მიზნისთვის შრომას არ იშურებ, მას აუცილებლად მიაღწევ. უბრალოდ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ  კონკურენცია არის უზარმაზარი და შენ, თუნდაც ავსტრიელ თანატოლებთან გიწევს იმის დამტკიცება, რომ მათნაირად ან მათზე უკეთ შეგიძლია კონკრეტულ საქმეს თავი გაართვა.

–როგორია,სტუდენტებისა და ლექტორების ურთიერთობა?

რაც შეეხება სტუდენტებთან და ლექტორებთან ურთიერთობას, ჩემ შემთხვევაში არის საგნები, სადაც მხოლოდ ავსტრიელი კურსელები მყავს, მაგალითად ავსტრიის საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს არის ისეთი საგნები სადაც ბევრი უცხოელია ჩაწერილი. მიუხედავად ამისა, ლექციებზე არასოდეს უსვამენ ხაზს ამა თუ იმ სტუდენტის წარმომავლობას, იქ ყველანი ვართ სტუდენტები და გარემო არის იმდენად ინტერნაციონალური, რომ არასოდეს ყოფილა განხილვის საგანი რომელიმე კონკრეტული სტუდენტის წარმომავლობა.

–როგორი სტუდენტური ცხოვრება გაქვთ და მეგობრულ წრეში,ხშირად,რა თემებზე საუბრობთ?

ერთი წლის წინ ავსტრიაში ასევე დაარსდა კიდევ ერთი ქართული ორგანიზაცია „ქართული სათვისტომო ავსტრიაში“, რომელსაც ძალიან საინტერესო პროექტები აქვს, მათ შორის ქართული საკვირაო სკოლა აქ მცხოვრები პატარებისთვის. ძირითადად სათვისტომოს და სტუდენტური ასოციაციის აქტივობებში ჩართვას ეთმობა ჩემი  სწავლის მიღმა დარჩენილი თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი.

აქაური სტუდენტური რეჟიმი საკმაოდ გადატვირთულია და იმდენი თავისუფალი დრო არ აქვთ ახალგაზრდებს, როგორც საქართველოში, ამიტომ იშვიათად ვახერხებ სასწავლო დღეებში კურსელებთან ერთად სადმე გასვლას, რადგან დღის რეჟიმი ყველას სხვადასხვაგვარი გვაქვს და ძირითადად ბიბლიოთეკაში ვხვდებით ერთმანეთს ან ლექციებზე. სამაგიეროდ სწავლითა და მუშაობით გადატვირთული კვირის შემდეგ შაბათი და კვირა განტვირთვას ეთმობა და ვცდილობ ავსტრიის რაც შეიძლება მეტი ქალაქი ვნახო და მათ ისტორიას გავეცნო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ უნივერსიტეტსაც აქვს ძალიან საინტერესო გასვლები ქალაქგარეთ, მაგალითად, მომდევნო კვირაში უნივერსიტეტის ორგანიზებით მივდივართ ქალაქ Mauthausen-ში, სადაც წლების წინ განთავსებული იყო უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი და ტურის მიზანია ის, რომ ახლოდან გავეცნოთ, თუ როგორი იყო მაშინდელი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ცხოვრება.

ასევე ხშრად ვცდილობ მეგობრებთან ერთად ვესტუმრო იმ ქვეყნებს, რომლებიც ავსტრიასთან ახლოს მდებარეობენ, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ საქართველოში ნაკლებად მქონდა ან ნაკლებად აქვთ. ხოლო მსგავს სამეგობრო შეკრებებში ყველაზე ხშირად მაინც საქართველოზე ან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ.

–რას იტყოდით იმ ადამიანებზე,რომლებიც ევროპაში სწავლას „მარტივად“აღიქვამენ?

ხშირად, ჩემთვის ყველაზე მეტად არასასიამოვნო იმ ადამიანების შეფასებებია, რომლებიც არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს, მაგალითად ყველაზე ხშრად მესმის ფრაზა „შენ რა გიჭირს ევროპაში ხარ“. სამწუხაროდ არ არის მარტივი შენი ოჯახისგან, მეგობრებისგან, სამშობლოსგან შორს ყოფნა და აქ მცხოვრები ახალგაზრდები ბევრად უფრო მწვავედ აღვიქვამთ საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა უარყოფით პროცესს. ასევე, გვიწევს ძალიან ბევრი შრომა იმისთვის, რომ აქ სწავლის, ცხოვრების შესაძლებლობა გვქონდეს, ამიტომ ვერასოდეს დავეთანხმები მათ, ვისაც მიაჩნია რომ „ევროპაში მყოფ სტუდენტებს რა უჭირთ“.

–რას ურჩევდით ქართველ სტუდენტებს?

ის რაც მინდა ჩემ თანატოლებს ვურჩიო, არასოდეს დაკმაყოფილდნენ მიღებული ცოდნით და მიღწეულით.  ყოველთვის ისწრაფონ ახლისკენ, დაისახონ მიზნები და იშრომონ ამ მიზნების მისაღწევად. თუ სასწავლებლად დააპირებენ წამოსვლას ევროპაში, ძალიან კარგად ისწავლონ ენა. არც ერთ დაბრკოლებას არ შეუშინდნენ და იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის.

–სამომავლოდ,რა გეგმები გაქვთ?

ბუნებრივია, აქ მიღებული განათლების გამოყენება ჩემს ქვეყანაში მსურს და არ ვაპირებ აქ სამუდამოდ დარჩენას, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა იმდენად ვარ ჩართული ქართულ რეალობაში, რომ ხანდახან ვერც კი ვგრძნობ რომ საქართველოსგან შორს ვარ.

თორნიკე დევაძე სპეციალურად “თაიმერისთვის’

 

 

banner
წინა სტატიაშიდარეჯან თვალთვაძე სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიამოსკოვში ახალი ამბების რედაქტორი ცივი იარაღით მოკლეს