ეს ჩვენი ისტორიაა, ტრაგიკული ისტორია…

კამანის ტრაგედია - „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“...

პაატა ზაქარეიშვილი - მტერი, გიგლა აგულაშვილი - მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევროთაიმერი“ აგრძელებს იმ მასალის გამოქვეყნებას, რომელსიც ერთი წლის წინ გამოქვეყნდა ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის ავტორობით, სააგენტო „from.ge”-ზე და რომელიც ვფიქრობთ რომ ძალიან ხშირად უნდა გავიხსენოთ, ერთი „უბრალო“ მიზეზით“ – ეს ჩვენი ისტორიაა, ტრაგიკული ისტორია…

„უმძიმესი ისტორია, რომლის პირველი ნაწილი ჩვენს მკითხველს ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ, უცნაურად დასრულდა. ეს არის ქართულ-აფხაზური ტრაგიკული ისტორია ერთი ქართულ-აფხაზური დევნილი ოჯახის შესახებ…

როდესაც ინტერვიუს ვიწერდი ქალბატონ მანანა ანუასთან, ის ტიროდა, ვტიროდი მეც. ინტერვიუ ვრცელი გამოვიდა და ამიტომ მასთან ორჯერ მომიწია მისვლა. მეორედ მისულს მანანა ანუამ ცრემლნარევი თვალებით და აკანკალებული ხმით მითხრა: სასწაული მოხდა, მამაჩემის საფლავი ვიპოვეთ და მას აფხაზები უვლიან. არ ვაჭარბებ, ასე მეგონა მუხლები მომეკვეთა, ვიდექი გაოგნებული და ისეთი გულამოსკვნილი ვტიროდი, მეგონა მთელი სამყარო ჩემთან ერთად დასტიროდა ჩემი ბავშვობის ბედნიერი არდადეგების წლებს…

„ჩემო საყვარელო და ძვირფასო მეგობრებო… ჩემო დებო და ძმებო… არ ვიცი, როგორ გამოვხატო სიტყვით ის უსაზღვრო სიყვარული და მადლიერება, რომელსაც ვგრძნობ თითოეული თქვენთაგანის მიმართ, ვინც ჩემთვის ამ უმძიმეს წუთებში ჩემთან ერთად გაიზიარა ჩემი უზომო ტკივილი და ამავე დროს ღრმა სულიერი ნუგეშიც მამაჩემის იური-გიორგი ანუას საფლავის პოვნის გამო… კომანის აღებამდე დიდი ხნით ადრე მამაჩემმა დაიბარა, რაც არ უნდა მოხდეს, აფხაზეთიდან არ გადამასვენოთო… 21 წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, უფალმა 52-დღიანი ტყვეობიდან რომ გვიხსნა და კომანი რომ დავტოვეთ… მაშინ მე და დედამ არ ვიცოდით, რომ კომანში ვტოვებდით ჩვენს ძვირფას მამას, რომელმაც კომანის წმინდა მიწაზე მღვდელმონოზონ მამა ანდრიასთან ერთად მიიღო მოწამეობრივი აღსასრული …

გამოუთქმელი და მიუწვდომელია განგება ღვთისა… კომანის ტრაგედიის 20-წლისთავზე ჩემმა ძვირფასმა და უერთგულესმა აფხაზმა ძმებმა, რომლებიც ტვეობის ჟამს შევიძინე მაცნობეს მამაჩემის საფლავის კომანში არსებობის შესახებ, ხოლო ორი დღის წინ გამომიგზავნეს ფირი, სადაც არის ასახული ის ადგილი, სადაც მამა არის დასაფლავებული… ლითონიდან ჩამოსხმული ჯვარიც დაუდგავთ საფლავზე და ყოველ კვირას გუდაუთიდან, სოფელ ლიხნიდან,  ჩამოდიან კომანში და უვლიან საფლავს..

უსაზღვროა, განუზომელია ჩემი ღრმა მადლიერება მათდამი,მათი ამაღლებული და ღირსეული საქციელისათვის… ქედს ვიხრი ამ ბიჭების წინაშე, ვინც დღეს მამაჩემის საფლავზე სანთელს ანთებს, ერთ ჭიქა ღვინოს გადაუქცევს და გულით იხსენიებს იური-გიორგი ანუას ლამაზ,  უკვადავ სულს… ადამიანს,რომელსაც ასე გულწრფელად,ასე უსაზღვროდ უყვარდა თავისი სამშობლო, თავისი ხალხი და ბოლომდე სჯეროდა ქართველისა და აფხაზის ძმობის განუყოფელობისა და ერთობისა“…

„გუშინ საღამოს აფხაზეთიდან ჩამომიტანეს ვიდეოჩანაწერი მამაჩემის იური (გიორგი) ანუას საფლავის,რომელსაც ვეძებდით 20 წელი… იგი ჩემმა აფხაზმა ძმებმა მაპოვნინეს… ვერ აღვწერ,რამხელა ტკივილი და ამავე დროს რამხელა იდუმალი ნუგეშიც იყო ჩემთვის ამ უმძიმესი ფირის ნახვა…..

მთელი ღამე არ მეძინა… უთვალავჯერ ვუყურე… გული მტკივა….

სასწულია, რომ წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღეს დაემთხვა… დღეს ხომ ჩვენი კომანის ეკლესიის გახსნის და კურთხევის დღეც არის…

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის“….

კამანის ტრაგედია - „ეკლესიის ეზოში ნელი პაკელიანმა ააფეთქა ოთხი აფხაზი და თავადაც აიფეთქა თავი“...

მანანა ანუა, აფხაზეთიდან დევნილი:

– ჩვენ გავაღეთ კარი, გავიყვანეთ დაჭრილები. ამ დროს მეუბნებიან რომ მამაო მოკლეს, ძალიან განვიცადე, პირველი რაც გავაკეთე იქითკენ გავიქეცი, სადაც მითხრეს რომ მამა ანდრია ესვენა. იქ მისულს მხვდება ასეთი სურათი: წევს მამა ანდრია და იცით როგორი? სახეზე ღიმილი დაკრავდა, რაღაცნაირი სინათლე იყო მის გარშემო, დავიჩოქე და მის ხელს ვემთხვიე. ვერ გადმოვცემ როგორ მეტკინა გული, მე და დედაჩემმა მამა ანდრიას სხეული შემოვასვენეთ ტაძარში და იქ დავასვენეთ. ტყვია თავში ქონდა მოხვედრილი, სისხლი ჟონავდა, სამი დღე და ღამე ნატყვიარიდან სისხლი მოდიოდა. არაფერი გვქონდა რაშიც შეიძლებოდა მამა ანდრიას სხეული შეგვეხვია, მაცხოვრის სუდარა იყო იქ და ის გადავაფარეთ. სუდარაც მთლიანად სისხლით შეიღება. ამ სისხლში დავასველე ჯვარი, რომელიც დღემდე მაქვს შენახული, მეომრები შემოდიოდნენ ტაძარში და ხედავდნენ ენით აუწერელ საშინელებას: მამა ანდრია იწვა სისხლში, მეც სისხლიანი ვიყავი, იქვე იყო მოკლული ლექსო…

საშინელებაა. რას ამბობდნენ ჯარისკაცები?

– ბევრი ძალიან შეძრწუნდა, ზოგმა კი ცინიკურად თქვა რაღაც ტექსტები, ერთმა მგალობელთა ადგილიდან, რომელიც მაღლა იყო, სიგარეტის ნამწვი ისროლა… მამა ანდრიას კაბა, ზეწარი, ყველაფერი შემოხვეული ქონდა ცხედარი რომ არ შეებილწა ვინმეს.

და თქვენ ამ დროს რას ამბობდით, ვინ ვარო?

– ვიდრე მამა ანდრიას ტაძრიდან გაიყვანდნენ, მანამ მე მას ვკითხე შეიძლება ვთქვა რომ მონაზონი ვარ? მან არაფერი მითხრა და რაკი უარი არ მითხრა, ვამბობდი, რომ ვიყავი მონაზონი. ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და ვთქვი რომ ვიყავი მონაზონი მარიამი. ერთხელ 19 წლის ბიჭი შემოვიდა ტაძარში, აფხაზი დაური ზუღბა. მან დასისხლიანებული მამა ანდრია რომ დაინახა თქვა, რომ ომში არავინ ყავდა მოკლული, ვინ მოკლა მამაო, ეს ხომ არ შეიძლებაო. თურმე კამანში შემოსვლამდე მონათლულა, ხშირად მოდიოდა ჩვენთან.

ბოლომდე იქ იყავით?

– კი, ბოლომდე ვიყავით.

მამთქვენის გარდაცვალების შესახებ როდის გაიგეთ?

– ოცი წლის შემდეგ გავიგეთ ზუსტი ისტორია რა და როგორ მოხდა… გავაგრძელებ ისტორიას ქრონოლოგიურად: დაურის მოქონდა ხატები, ჯვრები, მასში მოხდა პიროვნების გაორება, ვერაფრით წარმოიდგინა რომ თუ მართალ ომში ომობდა, მაშინ რატომ უნდა მოეკლათ სასულიერო პირი?! შეძრა ამ ამბავმა დაური, მან მთხოვა მომეყოლა როცა ადამიანი გარდაიცვლება რა ხდება გარდაცვალების შემდეგ. მე მას მოვუყევი როგორ გზას გადის სული. მან მითხრა, რომ დიდი ცოდვა ედო, მაგრამ ეს არ იყო მკვლელობა. დაური მოყვა ამ ისტორიას: ჩვენთან გუდაუთაში ქართველი ტყვე მოიყვანეს, ცემდნენ და ასე თქვეს, რომ ქართველები აუპატიურებენ ჩვენს დედებს და ცოლებს და ამიტომ უნდა დაისაჯონო. მე ცალკე ვიდექი და მითხრეს, როგორ ზიხარ მანდ, ადექი და გაარტყი შენც ხელი ამ ტყვეს. მე ავდექი და დავარტყი, ეს რომ არ გამეკეთებინა მოღალატე გამოვდიოდი. ახლა ვუყურებ მამა ანდრიას ცხედარს და მრცხვენია, ეს რა გავაკეთე. ძალიან შეწუხებული იყო დაური, დაუცველ ადამიანს ხელი გავარტყიო. ჩემი რჩევით იგი მივიდა მამა ანდრიას საფლავთან და მოყვა თავს გადამხდარი, რაღაც სხვანაირი დაბრუნდა იქიდან და თქვა დღეს ჩემგან ბოლო წასვლა იქნება პოსტზე, მეტს აღარ წავალო.

ვინ დაკრძალა მამა ანდრია?

– დაურიმ და ალექსანდრემ, გვარი არ მახსენდება ზედმეტსახელად მას „ხომიჩს“ ეძახდნენ და კიდევ ორმა ბიჭმა, ეკლესიის კედელთან, იქ იყო დავით აღმაშენებლის ჭედური ხატი იყო იქ, ახლა აღარ არის. ალექსანდრე მოგვიყვა მამა ანდრიას ცხოვრების ბოლო დეტალებს. მამა ანდრიას კითხეს „ვისია ეს მიწა, ქართველების თუ აფხაზების?“ მან უპასუხა ღვთისაა. სახეშიც ვერ შეხედეს მამაოს უკან თავში ესროლესო, გვიყვებოდა ალექსანდრე. დაურიმ გვითხრა მე გაგიყვანთ თქვენ და გავალ პოსტზე, მაგრამ მეტად აღარ წავალ იქო.

რატომღაც მგონია, რომ დაიღუპა.

– (ტირის) წასვლის წინ დაურიმ მთხოვა, რამე გამეტანებინა ეკლესიიდან, მე მას პატარა სახარება და ხატი გავატანე, გასვლის წინ ისეთი თვალებით შემომხედა და გაიღიმა, მივხვდი რომ მეტად ვეღარ ვნახავდი. იმ ღამეს მას „ტურსის“ ჭურვი მოხვდა… დღემდე დაურის ისე ვიხსენიებ, როგორც მამა ანდრიას, მამაჩემს, ისეთი სიყვარული დატოვა…

როგორ გამოდით იქიდან?

– ჩვენ 52 დღე ვიყავით ტყვედ. დაურის დაღუპვის შემდეგ შემოვიდა ეშერის ბატალიონი, ეს იყო კრიმინალებისგან ფორმირებული, მათთვის წმინდა არაფერი არსებობდა. ალყა შემომარტყეს საფლავთან მდგომს და მითხრეს, რომ მე ვაგებდი პასუხს მამაჩემის გამო. ივლისის თვე იყო და ამ სიცხის მიუხედავად, სისხლი გამეყინა შიშისაგან. მაცვია მონაზონის კაბა, ვდგევარ სისხლგაყინული და ვფიქრობ: ოღონდ ეგ არა და თუნდაც დაიბომბოს აქაურობა.

საშინელებააა

– კი… უცებ ვთქვი, მამა ანდრია მიშველე და მივეყრდენი დავით აღმაშენებლის ჭედურს. შეიძლება თქვენ სასწაულად არ მოგეჩვენეოთ, მაგრამ რაც მოხდა იმ წუთას ჩემთვის სასწაული იყო.

სოხუმი ამ დროს აღებული არ იყო

– დიახ, არ იყო. პერიოდულად იბომბებოდა კომანი… ტაძარში რომ შევედი ქაღალდის ფერი ვიყავი, პირდაპირ წავედი წმიდა გიორგის ხატთან, ვბღაოდი „გიორგიიიი, გიორგიიი, მეშინია… მიშველე, ტყვეთა გამათავისუფლებელო, გიორგიიიი…“ განწირული ვყვიროდი… ამ დროს მესმის ხმა, ვიღაცა რუსულად ამბობს – სადაა ჩემი მეგობარი წმინდა გიორგი? იმ წუთას ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა ვინ მოვიდა, დავინახე მეომარი, რომელიც შემეკითხა: რა ფერი გაქვს, ასე ვინ შეგაშინა? მე გპირდები რომ შენი თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება, ამას მე გეუბნები შენ, რაფიკ აიბა. როგორც შემდეგ გავიგე, ის იყო აფხაზური ჯარის კომენდანტი, იყო მაჰმადიანი. მას წამდა წმიდა გიორგის, როგორც რაინდების და ვაჟკაცების მფარველის. ვერ გადმოგცემთ, რა გააკეთა რაფიკ აიბამ ჩვენთვის. ხუთი ბიჭი დაგვიყენა დაცვად.

რადენი ადამიანი იყავით?

– მე, დედაჩემი, სამი ბერძენი და კიდევ ერთი ქალბატონი.

ტყვეებად?

– ტაძარში ვიყავით, გასვლა არ შეგვეძლო. ეს ბიჭები გვიცავდნენ და დიდი მეგობრობა ჩამოყალიბდა ჩვენს შორის. როგორც დაურის, ისე ვესაუბრებოდი მათ, ძალიან შეიცვალნენ. ამბობდნენ – ჩვენ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? რაფიკმა ამ პერიოდში შემოღობა მამა ანდრიას საფლავი და ეძებდნენ მამაჩემს, რათა გაეგოთ სად მოკლეს ის. რაფიკმა მითხრა – მე არ ვიცნობდი მამაშენს, მაგრამ ვგრძნობ როგორი კაციც იქნებოდა, განა ისეთ ადამიანს შეეძლო ამ ყველაფრის აშენება, რომელსაც თავისი ხალხი არ უყვარდა? მე მოვძებნი მამაშენს და თუ ცოცხალია ვუშველი.

სად არის დღეს ეს კაცი?

– გუდაუთაში, „უგროზისკის“ უფროსის მოადგილეა. ომის შემდეგ დამირეკა კიდეც. მან ერთხელ მითხრა, რომ ქართველების ვალი ჰქონდა და მომიყვა ამბავი: როცა ომი დაიწყო მე ვიყავი როსტოვში, სოხუმში იყვნენ ჩემი დედა და ძმა, მხედრიონი რომ შემოვიდა პირველად, დაჭრეს ჩემი ძმა, მეზობლებმა ქართველებმა თავის სახლში შეიყვანეს ჩემი ძმა და საწოლზე დააწვინეს, უგონოდ იყო და ზეწარი გადააფარეს. ეძებდნენ ჩემს ძმას, შევიდნენ ჩემი მეზობლების სახლშიც და მათ დაიწყეს ხმამაღალი ტირილი, თითქოს ჩემი ძმა გარდაცვილილი იყო და გარდაცვლილს ტროდნენ. ვინმეს რომ გადაეხადა ზეწარი „მიცვალებულისათვის“, ვერავინ გადარჩებოდა, არავინ აპატიებდა ამას მათ. ქართველებმა მოუარეს ჩემს ძმას და გადაარჩინეს, ამიტომ, ამ ომში ძალიან ბევრი გადავარჩინე, მაგრამ ძალიან ბევრმა თქვა, რომ მე მათ ვახრჩობდი, ალბათ თქვენც ასე იტყვით შემდეგ…

ამ პერიოდში თქვენ ისევ მონაზონის სამოსით დადიოდით?

– კი, მე ბოლომდე ვამბობდი რომ მონაზონი ვიყავი… ამ პერიოდში უკვე შიში გამიქრა, ძალიან ბევრი ცუდი სიტუაციის მომსწრე გავხდი, მაგრამ… ერთხელ რაღაც ჯგუფი შემოვიდა კედელთან მიმაყენეს, მაგრამ მჯეროდა რომ გადავრჩებოდი და მართლაც ხდებოდა სასწაული. ციდან უფალი კი არ ჩამოდიოდა, მაგრამ ვიღაცა შემოვიდოდა ვინც ამ დროს მშველოდა. რაფიკს მოუვიდა ბრძანება, წინ წადიო და თქვა, რომ აქ ვერ დაგტოვებთო… ერთხელ რაფიკმა მითხრა, ამბობენ მამაშენი ქართველებს ეხმარებოდა იარაღს აწვდიდაო. მე მას ვუთხარი რომ ეს არ იყო მართალი, რომ მამაჩემი არავის ეხმარებოდა იარაღით და მისი საქმე იყო ეკლესიური. რაფიკზეც თქვეს ალბათ დიდი ფული აქვს აღებული და ამიტომ იცავს ანუას ოჯახსო, წარმოგიდგენიათ?

და რა გააკეთა მან?

– იმისათვის რომ დასრულებულიყო ცილისმწამებლური ხმები, მან ჩვენს ეზოში სათითაოდ ააყრევინა ფიცრები, ამოათხრევინა მიწა მთელს ეზოში იმ ადგილას სადაც ამბობდნენ რომ თითქოს იარაღი იყო. დადასტურდა, რომ იქ არაფერი იყო, ამოავსებინა მიწა, დაალაგებინა ფიცრები ისე როგორც იყო. ისე იყო მაშინ დაძაბული ვითარება, მიწის ამოთხრამდე დედაჩემი ეკლესიის იატაკზე დააწვინეს ვიღაცეებმა, ავტომატი დაადეს და უთხრეს ეთქვა, სად იყო დამალული იარაღი. დედაჩემი იწვა ეკლესიის იატაკზე და ნატრობდა სიკვდილს ქრისტესთვის. დედაჩემი ყვიროდა – ისროლეთ. მე ვტიროდი, რას ქვია ისროლეთ… დედაჩემის ვაჟკაცობამ შემძრა… ერთხელ, ვიდრე რაფიკი შემოვიდოდა, მთვრალი გენერალი შემოვიდა, დამინახა და თქვა: „ამბობენ იური ანუას კარგი გოგო ყავს, ახლა ჩვენ ვნახავთ როგორია ის“. დედაჩემმა აიღო ჯოხი და მზად იყო ამ გენერლისთვის ჩაერტყა, მაშინაც რაღაც სასწაულით გადავრჩით.

როდის და როგორ წამოხვედით?

– რაფიკმა ჩაგვსვა დაჭრილების მანქანაში, სადაც ჩვენს გარდა არავინ იყო, თავად დაჯდა მანქანაში, თითქოს ჩვენ დაჭრილები ვიყავით და წაგვიყვანა გუდაუთაში, სადღაც შორს სოფელში. რაფიკმა წაგივყვანა დედამისთან. რაფიკმა მიგვიყვანა მამა ბესარიონთან. არავინ იცის, რამდენი ქართველი გადაარჩინა სიკვდილს და შიმშილს მამა ბესარიონმა. ვერ დავუკარგავ მამა ბესარიონს იმ სიკეთეს რაც ჩვენთვის გააკეთა, სამი თვე დაგვმალა. მან სთხოვა რუს მფრინავებს, სოხუმში გადააფრინე ჩემი სულიერი შვილები არიანო, გადაგვაფრინეს სოხუმში, იქიდან – თბილისში.

თქვენი ძმა სად იყო ამ დროს?

– თბილისში, მას უთხრეს სამივეს თავები მოჭრესო, პატრიარქთან მივიდა ბღავილით… პატრიარქმა გაიგო ჩვენ რომ ცოცხლები ვიყავით… თბილისში ჩამოსულებს შეგვხდა, ვტიროდით… პატრიარქმა მითხრა, დარჩი მონასტერშიო, დავრჩი. 12 წელი ვცხოვრობდი მონასტერში, ვიყავი მორჩილი ეს იყო ღვთის უდიდესი წყალობა. 12 წლის შემდეგ მომცა პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა დავბრუნებულიყავი ერში…

და დაბრუნდით

– დიახ… საპატრიარქოში რომ ვიყავი, იქ მომივიდა ძალიან თბილი წერილი ერთ-ერთი იმათგანი მწერდა, რომელიც ჩვენთან იყო კომანში. ის მწერდა, სადაც გინდა ჩამოვალ ოღონდ მომნათლეო…

მამთქვენის ამბავი როდის გაიგეთ?

– ბათიაშვილი იყო უშიშროების მინისტრი, ამ დროს აჩვენეს ტელევიზიით რუსული დაზვერვის რეზიდენტი მხატვარი, რომელმაც დაკითხვაზე თქვა, რომ ყველაზე საშინელი ფაქტი რომლის მომსწრეც ვიყავი, იყო სასულიერო პირის დახვრეტაო. მამაჩემი ეგონა მღვდელი, იმიტომ რომ წვერი ქონდა. ტელევიზიით მოვისმინეთ როცა მან თქვა ეკლესიის ამშენებელი დახვრიტესო. ეს რომ მოვისმინეთ, მივედით ბათიაშვილთან და ვთხოვეთ ეჩვენებინა მხატვრისთვის მამაჩემის სურათი. ჩვენ არ გვქონდა მამის სურათი, სადაც ის წვერით იყო, ეს რუსი მხატვარი იყო, როგორც შეხედა სურათებს, მამაჩემის სურათს დაადო ხელი და თქვა, რომ ეს კაცი მოკლეს! მაშინ გავიგე, რომ მამაჩემი მოკლული იყო. მინდა გავიხსენო კიდევ ერთი მომენტი: როცა რაფიკმა გუდაუთაში წაგვიყვანა, მიმიყვანა ციხეში და მითხრა, რომ იქ მყოფი ადამიანებისათვის მეკითხა მამაჩემის ამბავი, არავინ არაფერი იცოდა.

როგორ დახვრიტეს?

– ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ აწამეს და ამის შემდეგ დახვრიტეს. ეს იყო მამაჩემის გარდაცვალების შესახებ პირველი ინფორმაცია. ჩვენ მანამდე არ ვიცოდით ვინ და სად მოკლა მამაჩემი. ჩვენ საპატრიარქოში ვცხოვრობდით იმ პერიოდში, მე 12 წელი მორჩილი ვიყავი, ექიმად ვმუშაობდი… ამ დროს მომივიდა ბატალის წერილი, ის მწერდა რომ მას არასდროს დაავიწყდება ის სითბო, რაც ტაძარში მიიღო, მწერდა რომ ბევრი სიძნელე გადაიტანა. მას სურდა მომენათლა, რომელიმე ქალაქში ჩამოდი მეც იქ ჩამოვალ და მომნათლეო.

ვინ ჩამოიტანა წერილი?

– ერთმა ქალბატონმა, რომელიც მუშაობდა ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრში, სოხუმში და იყო მეუფე დანიელის სულიერი შვილი. წარმოგიდგენიათ როგორ სურდა ბატალის მე რომ მომენათლა? მოძებნა ადამიანი, რომელსაც კავშირი ქონდა და წერილი გამოაგზავნა.

მონათლეთ?

– ორი წელი არაფერი მიმიწერია, კი არ მივწერე, ვერ მივწერე. ის რაც გადამხდა თავს მე და ჩემს ოჯახს, ძალიან მძიმე გადასატანი აღოჩნდა ჩემთვის.

ბუნებრივია

– ორი წელი დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ორი წლის შემდეგ გავუგზავნე ბატალის წერილი ერთი მონაზონის დახმარებით. ეტყობა ვერ იპოვეს ბატალი, არანაირი პასუხი არ მიმიღია. ჩემთვის უმძიმესი გადასატანი აღმოჩნდა ასევე მამაჩემის ქორწინების ბეჭდის ისტორია… ბეჭედს ეწერა ზოია ადამია- იური ანუა. მამაჩემის მეგობრის შვილმა, რომელიც აფხაზია, მოსკოვში ცხოვრობდა იმ პერიოდში, ჩემს ძმას დაურეკა და უთხრა რომ მამაჩვენის ბეჭედი მოსკოვში ხელიდან ხელში გადადიოდა და ძალიან ძვირად იყიდებოდა. ჩემმა ძმამ კითხა მას იცოდა თუ არა როგორ მოხვდა ბეჭედი იქ? გავიგეთ რომ მამაჩვენისთვის თითი მოუჭრიათ და ისე წაუღიათ ბეჭედი, შემდეგ კი გაყიდეს.

დაიბრუნეთ ბეჭედი?

– ვერა… ერთხელ გავიგეთ, თითქოს მამის ცხედარი დაწვეს. ანუ 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაციები მოდიოდა, მაგრამ რა იყო რეალური ვერ გავიგეთ. 20 წელი გავიდა მამაჩემის დაღუპვიდან… 20 წლის შემდეგ დამირეკა ბატალმა, მან მითხრა რომ მამაჩემის საფლავს ეძებდა… თურმე მოინათლა…

თქვენი წერილი მიუღია?

– არა, არ მიუღია. ბატალი ხშირად მირეკავდა, საათობით მელაპარაკებოდა. ბატალის მეშვეობით დამირეკეს სხვებმაც, მათ შორის რაფიკმა…

ფესვები

– დიახ, ფესვები… რაფიკმა მითხრა რომ ის იპოვიდა მამაჩემის ბეჭედს, მანვე მითხრა რომ გადავსულიყავი აფხაზეთში და ამიყვანდა კომანში. შარშან ბატალმა მოძებნა ის ჯარისკაცი, რომელიც ესწრებოდა მამაჩემის დახვრეტას. მამაჩემი გაუყვანიათ ეკლესიისა და წყაროს შუა ადგილას, ჯარისკაცმა თქვა, რომ მათ არ უნდოდათ მამაჩემის დახვრეტა. მოულოდნელად შემოვარდნილა ვიღაც ყვირილით – ამ მოღალატეს როგორ ელაპარაკებით, რას ელოდებითო და უსვრია, წამებით მოუკლავს. როგორც კი მამაჩემი მოკლა, სულ რაღაც ერთ საათში მივიდა ბრძანება, რომ კომანის ეკლესია არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი და ხელი არ ახლოთ ეკლესიას და მის მსახურებს.

ამასობაში მამა ანდრიაც დახვრეტილი იყო, მამათქვენიც, თქვენ კიდევ ტყვედ იყავით

– დიახ, მაგრამ ამ ბრძანების მოსვლამდე დაგვიყენა რაფიკმა დაცვა. მამაჩემის ცხედარი შეუტანიათ სახლში და რაკი ბრძანება იყო მოსული, გადაწყვიტეს დაეწვათ სახლი და სახლთან ერთად მამაჩემი. სასწაული მოხდა – მამაჩემის სხეული არ დაიწვა, 20 დღე და ღამე იყო თურმე დაუსაფლავებელი.

20 დღის შემდეგ მოხდა ასეთი რამ – იქ სანკტ-პეტერბურგელები შემოვიდნენ, მამაჩემის ცხედარი რომ დაუნახავთ, გაგიჟებულან და მათ დაუსაფლავებიათ, მოუნიშნავთ საფლავის ადგილი… ომის შემდეგ მკვლელი ავარიაში მოყოლილა და საშინელი სიკვდილით დაღუპულა… მოკლედ, ბატალმა იპოვა მამაჩემის საფლავი, გადაიღო და გამომიგზავნა. იცით რა იყო ჩვენთვის, როცა გავიგეთ რომ მამის საფლავი ნაპოვნი იყო? ბატალმა დადო მამაჩემის საფლავზე ტელეფონი და ასე დავიტირე… ბატალმა მითხრა, როგორც მეტყვი ისე გავაკეთებ, თუ გინდა გადავასვენებ ჩემს სოფელში და იქ მეყოლებაო, თუ გინდა – დაგეხმარებით და გადაასვენე თბილისშიო. დედაჩემი მონაზონია, მივიდა პატრიარქთან და კითხა, როგორ მოვქცეულიყავით, პატრიარქმა გვითხრა ხელი არ ახლოთ, ჩვენ ჩავალთ და მამა ანდრიას და იური ანუას ტაძარში შევასვენებთო… მამაჩემს აფხაზეთის ომამდე კარგა ხნით ადრე ქონდა ანდერძი დაწერილი, აფხაზეთში დამკრძალეთო. უფალმა ინება, რომ ის კომანშია… ბატალმა გააკეთა ჯვარი მამაჩემის საფლავზე, ის უვლის, ყოველ კვირა დღეს ჩადის კომანში ლიხნიდან ის და უვლის მამაჩემის საფლავს. 26-ში იყო ჩვენი ეკლესიის გახსნის დღე, იმ დღეს დაიწყო პირველი ლოცვა ტაძარში. სწორედ 26-ში მივიღე ფირი, რომელზედაც პირველად დავინახე მამაჩემის საფლავი… ძალიან ძნელია, ძალიან… იცით ეს რა ნუგეშია ჩემთვის? მამაჩემი თითქოს მეუბნება – ნუ გეშინია, მე აქ ვარ.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ნორვეგიის ოკუპაციის შესახებ ფილმის გამო მწუხარება გამოთქვა
შემდეგი სტატიანატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა