„ეს არის სიბეცე და უცოდინრობა“ – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

როგორც გვარამიამ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიება მესამე პირის ვინაობით დაიტერესდა, რომელიც გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბარს ესწრებოდა.

„გამოძიება ცდილობს შინაარსის გარკვევას, რა და რატომ ვისაუბრე. ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება ინფორმაციიის უკანონო მოპოვებასა და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე მიმდინარეობს. ამიტომ, კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას. ბუნებრივია, თუ ის გამოძიების ინტერესებს ცდება, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ“, – აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, პროკურატურის პოზიცია იყო, რომ მას წყარო – მესამე პირი დაესახელებინა.

„ეს იმით განმარტეს, რომ ჟურნალისტი არ ვარ. რა თქმა უნდა, ეს არის სიბეცე და უცოდინრობა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მართლმსაჯულების ცოდნისა, ნებისმიერი ტელევიზიის და პრესის თანამშრომელი, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს, არ არის აუცილებელი ეს ჟურნალისტი შტატს იკავებდეს, ითვლება, რომ დაცულია გაუმხელელობის პრივილეგიით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, შსს-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა, ყალბია.

„ექსპერტიზის დასკვნა ყალბია. იგი არ ასახავს ამ საუბარს, რომელიც სამ პირს შორის შედგა. საინტერესო ის არის, რომ შეუძლებელი გახდა ალტერნატიურლი ექპერტიზის ჩატარება, რადგან გაუგებარი მიზეზებით ჩატარდა კომისური ექსპერტიზა და შსს-ს კრიმინალისტური საექსპერტო კვლევა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ერთობლივად არიან ამ სიბინძურეში, რასაც გაყალბებული დასკვნა ჰქვია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი უწყვეტი და ავთენტურია. ახვლედიანსა და გვარამიას შორის საუბრის ფარული ჩანაწერი 2016 წლის ოქტომბერს 3 ოქტომბერს გავრცელდა.

ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, აღნიშნული საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა ინტერპოლის ქართველ ოფიცერზე განხორციელდა
შემდეგი სტატიაპატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს – ბოკერია