ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე

ცხადია, რომ უმძიმესი ფაქტია, როდესაც ხდება ადამიანის გაქრობა ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში საზღვრის ტიპს არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც აქვს ამბიცია და რეალურად არის კიდეც ადამიანის უფლებების დაცვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით რეგიონში ლიდერი, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები.

„კითხვების გაჩენისგან დაზღვეულები არ ვართ. ასეთი ტიპის კითხვების გაჩენის შემთხვევაში და ასეთი ტიპის კითხვები უკვე არსებობს, უსწრაფესად უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, იგულისხმება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიზების გაცემის პირობები გამკაცრდება
შემდეგი სტატიაგამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის მოქალაქე ბაქოში