“ეს არ იყო რევანში ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება”

news
: news თებერვალი 22, 2016 16:41

“ეს არ იყო რევანში ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება”

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიები მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დაწყების შემდეგ გაჩნდა.

სხვა სტატიები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიები მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დაწყების შემდეგ გაჩნდა.

გვენეტაძის თქმით, თავად მოისმინა საქალაქო სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ სასამართლოში მენეჯმენტის კუთხით პრობლემები არსებობდა.

“ერთ-ერთი პირველი განცხადების შემდეგ, როდესაც საქალაქო სასამართლოში გასვლითი სხდომა ჩავატარეთ, დახურულ სხდომაზე, სადაც მედია არ ესწრებოდა, მოვისმინეთ სასამართლოში მოსამართლეთა მთელი რიგი საკითხები და პრობლემები, რომელიც მენეჯმენტის კუთხით იდგა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ასევე საქმეთა გადანაწილების კუთხით. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, თუმცა მანამდეც, როდესაც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა დაიწყო, და საქმეთა ელექტრონული განაწილების შესახებ სასამართლოებში საუბარი დავიწყეთ, ამ დღიდან მოყოლებული, უკვე პრობლემები არსებობს. საკითხი გეწაძემ შეისწავლა არა ერთი კვირის წინ, არამედ ორი კვირაა საბჭო ამ საკითხს იხილავს. მანამდეც ვიყავით დაინტერესებული. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, დავიწყე ყველა სასამართლოში ამ საკითხების მოკვლევა და, მათ შორის, ერთ-ერთი იყო თბილისის საქალაქო სასამართლო”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება რევანში, რადგან თავად მამუკა ახვლედიანი ნინო გვენეტაძის გადადგომას ითხოვდა, გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეს რევანში არ ყოფილა.

“ეს არ იყო რევანში. ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება საბჭოს მხრიდან”, – განაცხადა გვენეტაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გააგრძელებს.

ამავე სხდომაზე დასახელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძეს.

news
: news თებერვალი 22, 2016 16:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics