„ერთობა-ახალი საქართველო“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის 49-ე საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით „ერთობა-ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც პარტიაში აცხადებენ, მოსამართლე ნანა აფციაურმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. „ერთობა-ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი დღე აქვთ, სასამართლოდან დოკუმენტი კი დაგვიანებით ჩაბარდათ.

მისივე თქმით, მათ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის იმედი არ აქვთ.

„სასამართლომ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნია მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მდივანმა 2 დღის შემდეგ, თითქოს სრული სიზუსტით გაიხსენა ყველა სუბიექტის მიღებული ხმების რაოდენობა. ისიც გაიხსენა, რომ მონაწილეთა რაოდენობასა და მიღებულ ხმებს შორის გამოწვეული დისბალანსი ციფრების გადატანისას უზუსტობით იყო გამოწვეული. მოწმის მტკიცებით, შემაჯამებელ ოქმებში მოხდა გიორგი ვაშაძისთვის და „ახალი საქართველოსთვის“ ხმების მომატება, რაც მოწმემ სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურა. შესაბამისად, იმ შემთვევაში, როცა შემოწმება არ იძლევა რეალური, კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, სასამართლოს ერთადერთი გზა რჩებოდა, დაეკმაყოფილებინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და მოეთხოვა ამ უბანზე ხმების ხელახალი გადათვლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე „პანჩიატის“ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ამიტომ ჩვენ ამ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. საქალაქო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი ნაკლებად მაქვს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩები თუ სააპელაციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაში„აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას