„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოს შესახებ ანგარიშს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ერთიანი ნაციონალუცი მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას ადასტურებს. ასევე, გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ყოფილი თანამდებობის პირების, პოლიტპატიმრების, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში ყოფნაზე.

„ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი ევროპაში წამების პრევენციის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული და მიუკერძოებელი ინსტიტუტია. კომიტეტის დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კომიტეტის მიერ 2014 წლის დეკემბერში საქართველოს ციხეებში განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის დროს რამდენიმე საგანგაშო მიგნებაზეა საუბარი. ანგარიში საქართველოს მთავრობას ა.წ. ივლისში გადაეცა, თუმცა მთავრობამ იგი არ გამოაქვეყნა.

კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის 56 მუხლში საუბარია საქართველოს ციხეებში „ორგანიზებული დანაშაულის ლიდერების – ე.წ. კანონიერი ქურდების და მაყურებლების მონაწილეობით არაფორმალური იერარქიების გაცოცხლებაზე“ ანუ ქურდული სამყაროს მიერ ციხეებზე კონტროლის ხელახალ დამყარებაზე. ამავე მუხლის თანახმად, სწორედ ქურდული სამყაროს გავლენის დაბრუნებას უკავშირდება 2013 და 2014 წლებში რამდენიმე პატიმრის ძალადობრივი გარდაცვალება – მკვლელობა.

სამწუხაროა, რომ ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას ადასტურებს შეუვალი ავტორიტეტის მქონე ევროპული ინსტიტუტი. საზოგადოებას კარგად მოეხსენება რომ ციხეებზე ქურდული სამყაროს მიერ კონტროლის დამყარება ნიშნავს გაზრდილ დანაშაულს ციხის გარეთაც. აღნიშნული მიგნება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომლის ქურდულ სამყაროსთან კავშირები არაერთხელ დოკუმენტურადაა დადასტურებული.

დოკუმენტის თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები – ისინი ჩვენი ღრმა რწმენით წარმოადგენენ პოლიტიკურ პატიმრებს – „თვეების და წლების განმავლობაში“ იმყოფებიან იმგვარ პირობებში რომლებიც „შეიძლება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად“ (მუხლი 59). შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრება და წინასწარ პატიმრობაში მოთავსება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

არსებული პრაქტიკით, გამოქვეყნებული ანგარიშიდან წაშლილია სახელები და გვარები, მაგრამ რამდენადაც მონიტორინგი მოიცავდა ნომერ მე-9 დაწესებულებას (ე.წ. მატროსოვის ციხეს), სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან განთავსებულნი, გასაგებია, რომ საუბარია იმ ყოფილ თანამდებობის პირებზე, რომლებიც 2014 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ ამ დაწესებულებაში.

ერთ-ერთ მათგანთან მიმართებაში (სქოლიო 48) საუბარია იმგვარი რეჟიმის შექმნის შესახებ რომელიც „მომართულია ფსიქიური ჯანმრთელობის მოშლისკენ“ (sensory deprivation). იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის ყველაზე მკაცრ პირობებში ივანიშვილის პირადი პატიმარი გიგი უგულავა იყო მოთავსებული, ჩვენი ინფორმაციით საუბარი სწორედ მასზეა.

დოკუმენტის 59-ე მუხლის თანახმად, „საერთო შთაბეჭდილება ამგვარი მოპყრობის გამოყენების შერჩევითობაა.“

დასკვნაში ასევე საუბარია ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი თანამშრომლების „დაუსჯელობაზე“ (ანგარიშის შეჯამება) და რამდენიმე დაწესებულებაში ახლადმიყვანილი პატიმრების რეგულარულ ცემაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა და უნდამენტურად შეცვალოს ციხეებში დღეს არსებული მდგომარეობა. დასკვნა ასევე საკმარისი საფუძველია, რომ მოხდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ევროპულ ღირებულებეთან შეუთავსებელი პოლიტიკური დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკის დასრულება.“

banner
წინა სტატიაში“რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის”
შემდეგი სტატიათბილისში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა