ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მიმდინარე ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრით დაიწყო. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ პარტნიორებს რეგიონში ძლიერი ქვეყანა სჭირდებათ. ამ მხრივ, მან ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მეტი ნატო საქართველოში აღიქმება როგორც შეიარაღებული ძალების თავსებადობა ალიანსთან, რაც ნიშნავს მეტ გამოცდილებასა და იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრას, რაც დღეს თავდაცვის უწყებაში არსებობს. მან გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის პარტნიორობის ფორმატის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ფინეთთან და შვედეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე და სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატში ჩართულობაზეც ისაუბრა.

ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მიღწევის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების რეფორმირება დაასახელა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის ხაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ აუცილებელია უწყებათშორისი თანამშრომლობის განვითარება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და კრიზისის აღმოფხვრაში ყველა უწყების ჩართულობას, თითოეული მათგანის როლის განსაზღვრას ისახავს მიზნად. ლელა ჩიქოვანის თქმით, ამ მხრივ დაგეგმილია წვრთნები ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე.

ეროვნულ უსაფთრხოებაში სამხედრო კომპონენტზე და საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების ამოცანაა არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების თავიდან აცილება და გამკლავება. გენერალი შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო გაზაფხულზე უკვე დაიწყებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევას ახალი პროგრამებითა და შეთავაზებებით.

გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე საუბრით დასრულდა.

პანელს ფინეთის ელჩი საქართველოში არია ინკერი მაკონენი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იუსსი ვოუტლაინენი დაესწრნენ. მათ კურსში მონაწილეობისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს და ფინეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხს შეეხნენ. თავდაცვის ატაშეს თქმით, ფინეთის არმიაში წვევამდელების გაწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ფინელი ახალგაზრდა მამაკაცი ჩართულია ქვეყნის თავდაცვის საქმეში და თითოეული მათგანი სათანადოდ აცნობიერებს საკუთარ როლს ქვეყნის უსაფრთხოებაში. გარდა ამისა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახური ძლიერ რეზერვსაც გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის კრიმინალური პოლიციის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთს განვიხილავთ როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს, მას მერე რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება