ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსლების ვადა ხვალ ეწურება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ბანკის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსლების ვადა 25 თებერვალს ეწურება.

გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძე შეცვლის, რომლის კანდიდატურაც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

რაც შეეხება ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურას, პრეზიდენტობის კანდიდატს ეროვნული ბანკის საბჭო შეარჩევს და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.

ცნობისთვის, გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ 2009 წლის 26 თებერვალს, 7 წლის ვადით დაინიშნა. გიორგი ქადაგიძე ამავდროულად იკავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველის პოზიციას საქართველოს მხრიდან.

გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს დაასრულა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსი – „Program for Leadership Development“ ბოსტონში (აშშ). 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა, მაგისტრის ხარისხით. 2001 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ორმაგი ხარისხი თბილისის მენეჯმენტის ევროპული სკოლისა და პრესტონის უნივერსიტეტიდან.

2013 წლიდან კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის სტუდენტებისათვის. 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გიორგი ქადაგიძე 2008-2009 წლებში იკავებდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობას. 2007-2008 წლებში იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2005-2007 წლებში უძღვებოდა საქართველოს პროკურატურის ეკონომიკურ განყოფილებას და საფინანსო განყოფილებას თბილისის მერიაში. ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო ბანკის საკრედიტო დეპარტამენტს 2003-2004 წლებში.

banner
წინა სტატიაში“ლევან ბერძენიშვილი არის ჩემი შვილის ნათლია” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკიოლნის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალებზე მოძალადე მიგრანტები ვერ მოძებნა