ექსკლუზივი „სვეტი“ – სკანდალური საქმის დეტალები!

„მოგახსენებთ, რომ ამა წლის 26 მაისს მოხდა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გატაცება და მასზე განხორციელდა მუქარა, თანხის გამოძალვის მიზნით. გარკვეული პირები ცდილობდნენ დამფუძნებელზე სიტყვიერი და ფიზიკური ზემოქმედების გზით მიეთვისებინათ სოლიდური თანხა 150 000 $-ის ოდენობით და მის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.
ასევე, მიმდინარე წლის 9 ივნისს, დილით, ოფისში მოსვლისას, დამფუძნებლის კაბინეტის ფანჯარაზე დაგვხვდა ნატყვიარი. სავარაუდოდ, გასროლა გვიან ღამით განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
დამფუძნებელის მიმართვის საფუძველზე, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. პოლიციამ, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავა 4 პირი, ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით და ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე.
კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით ორგანოებს ოპერატული რეაგირებისათვის. ჩვენი განცხადების მიზანი და მოტივი კი შემდეგია: მივმართავთ ნებისმიერ პირს, ბიზნესის წარმომადგენლებს, თუკი მათზე ოდესმე განხორციელდება მუქარა ნებისმიერი ფორმით, აუცილებლად ითანამშრომლონ პოლიციასთან, რომელიც ოპერატიულად შეძლებს მსგავსი ფაქტის გამოძიებასა და აღკვეთას.
ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობიანი ბიზნეს-საქმიანობის განხორციელებას. აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „სვეტი“ ყოველთვის დაიცავს თავის ინვესტიციას და იმ ნდობას, რომელიც ხალხმა გამოუცხადა ჩვენს კომპანიას“, – ეს განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 13 ივნისს გამოაქვეყნეს დეველოპერული კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებმა. 25 მაისიდან 1 ივნისამდე „სვეტის“ გვერდის ადმინისტრატორს სოციალურ ქსელში არაფერი გამოუქვეყნებია, 1 და 12 ივნისს მშენებლობის სურათებია გამოქვეყნებული, 13 ივნისს კი განცხადება, რომელიც ზემოთ წაიკითხეთ.
სოციალური ქსელი არის სარკე, ზემოთმოყვანილ განცხადებას უამრავი კომენტარი აქვს, გთავაზობთ რამდენიმეს:
„ეხლა ეგ გაკლდათ მიზეზად კიდევ, ისე ხო, რას ამბობ, გლიჯავთ ყველაფერს. წელიწადი სრულდება სადაცაა და მირცხულავას 1-2 ბლოკი ამაყად დგას. პირველი სართულიც კი ვერ ამოვიდა მიწიდან, ეხლა ეს მიზეზი გამოჩნდა. არმატურის უქონლობის გამო არის დაყუდებული ეს მშენებლობა ერთადგილზე. აიღეთ სხვა მომწოდებლისგან ეს არმატურა რას ელოდებით? როდის მოგცემთ პოსლეზე რუსთავის ქარხანა? გატაცებამდე ხომ გლიჯავდით ყველაფერს, კარგით რა, ბოლობოლო, გეყოფათ ამ ხალხის ნერვებზე თამაში. პირადი საკითხები არკვიეთ თქვენ თვითონ და ხალხს ჩააბარეთ დროულად რაც დაპირდით“.
„აფერისტების კომპანია ხართ! იგონებთ რაღაც სისულელეებს და არაფრის გაკეთების თავი არ გაქვთ! გარდა იმისა, რო ვალის დაბრუნება არ შეგიძლიათ, თქვენ კლიენტებსაც ასულელებთ, რო დროულად არ ჩააბაროთ ის, რაც ეკუთვნით!“
„დღეს ტელევიზიით გამოაცხადეს თვითონ გაითამაშა გატაცებაო . ბინძურ თამაშებს თამაშობთ მგონი და ფრთხილად, თორემ ამდენი მენაშენის დაზარალებას არავინ გაპატიებთ და რჩეულიშვილების ბედი არ გაიზიაროთ. ისედაც არ სრულდება დადებული კონტრაქტი ვადებში და კიდევ რა სისულელეს შეთხზავენ ნეტავ?“
„ნუცუბიძის მშენებლობას ბოლო-ბოლო დაძრავთ ადგილიდან? ორ სართულს დაასხვათ და მერე 4 თვე თითს არ ადებთ ! ისე ხო არ დაგელიათ მიზეზები, თქვენს პრობლემებს თქვენ მოუარეთ ! საქმე აკეთეთ და სიტყვა შეასრულეთ !“
„რა გატაცება! ნული გაქვთ მტკიცებულება!!! ნახევარი საქართველო გადაგდებული და გამწარებული გყავთ და ვინც მის კუთვნილს და კანონიერს მოგთხოვთ ყველას ციხეში გაუშვებთ გატაცების მუხლით??? იმედს ვიტოვებ რომ სიმართლე გაირკვევა და ცრუ ჩვენებისთვის გიხილავთ ყველას ციხეში…!!!“
„ბინების გაყიდვა რომ გინდიდათ ყოველ კომენტარს პასუხობდით!!! რა ხდება ერთი გაგვაგებინეთ! რატომ არ აშენებთ მირცხულავაზე მე-7-ე ბლოკი არც არის დაწყებული! გამეცით პასუხი!“
„ყველა სახის ძალადობასა და უკანონობას ვგმობ. თქვენს დამფუძნებელს კი დიდხანს ვუსურვებ ნაყოფიერ საქმიანობას და ხალხის ნდობის დაბრუნებას. კომენტარებს,რომ გადავხედე, გული შემიწუხდა. ასე გაიფუჭეთ სახელი, რომ ადამიანურ თანაგრძნობას არ გიცხადებთ ხალხი?“
ეს არის ცოტა, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ საერთო სურათი დაინახოთ. ფონი ძალიან მძიმეა. არადა, ფართო საზოგადოებისთვის, მათთვის, ვისაც დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ საქმიანი შეხება არასდროს ჰქონია, კომპანია არის ქველმოქმედი, რომელმაც სუხიშვილების მოცეკვავეებს ჭერი მისცა და ბევრი მოცეკვავე გაახარა.
ეს გარედან, ფასადურად, მთავარი – რა ხდება შიგნით?
სისხლის სამართლის საქმე N009270517001, სათაურით – დეველოპერული კომპანია „სვეტი“. გამოძიების დაწყების წინაპირობა და შედეგი: კომპანიის დირექტორის გატაცება, ატეხილი აჟიოტაჟი, სპეცოპერაცია, ხმაურიანი განცხადებები, პასუხგაუცემელი კითხვები და დაკავებული პირები!
საქმის დეტალები:
გამოძიება დანაშაულის გარემოებით – ჯგუფურად დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის ფაქტზე – დაიწყო 2017 წლის 27 მაისს. განცხადებაში, რომლითაც „სვეტის“ დირექტორმა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მიმართა, აღწერილია მისი გატაცების ფაქტი. იმავე დღეს გივი ჯიბლაძემ გამოძიებას ჩვენება მისცა. დაკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენების მიხედვით: „2017 წლის 26 მაისს, დღის განმავლობაში დავდიოდი პირად საქმეებზე და უკვე საღამო ხანს მივედი ჩემთან, ოფისში… იქიდან წამოვედი სახლის მიმართულებით, საჭესთან იჯდა ჩემი მძღოლიზ. ვ-შვილი, მის გვერდით იჯდა ჩემი კომპანიის უსაფრთხოების თანამშრომელი ა. თ-ძე, ხოლო მე ვიჯექი უკანა სავარძელზე… მე გავემართე სადარბაზოს მიმართულებით, რა დროსაც სადარბაზოსთან მდგარი მიკროავტობუსიდან გადმოხტა დაახლოებით სამი ადამიანი, ორივე მხარეზე ჩემდა მოულოდნელად გამიყარეს ხელმკლავი და იძულებით ჩამტენეს მანქანაში, ჩამაწვინეს მანქანის იატაკზე, უცებვე თავზე წამომაფარეს ტომარა, მე ვუძალიანდებოდი, ვცდილობდი მეყვირა, მაგრამ პირზე ხელი ჰქონდათ აფარებული და ყვირილის კი არა, სუნთქვის შესაძლებლობაც კი მქონდა შეზღუდული. მეუბნებოდნენ, გაჩერდი, ნუ ცდილობ წინააღმდეგობის გაწევას, თორემ მოგკლავთო. შენ ვინ გადააგდე, ახლა ნახავ ვინებიც ვართ და რისი გამკეთებლები ვართო, ბუნებრივია შემეშინდა…“
10-15 წუთის შემდეგ, მანქანა გაჩერდა, ჯიბლაძეს „მეშოკი“ მოხსნეს და მან დაინახა იქვე, „უმეშოკოდ“ (ნიღბის გარეშე), მსხდომი მისი გამტაცებლები: დავით ბერეჟიანი (ბავშვობიდან ვიცნობო, – წერს), ნიკოლოზ ბახტაძე, ლევან ჩქარეული, ნიკიფორე კუტალაძე და მისთვის უცნობი მეხუთე პირი.
ჯიბლაძე ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, გამტაცებლებმა მანქანა 10-15 წუთის შემდეგ გააჩერეს. ყიფშიძიდან 10 ან თუნდაც 15 წუთიან მონაკვეთში, უღრან ტყეში ვერ მოხვდება ადამიანი, ეს ერთი და მეორე, გამტაცებელი „მეშოკის“ გარეშე ვინმეს წარმოუდგენია?
თუ ჩვენების ავტორს ამით სურს, გაამძაფროს ვითარება და ხაზი გაუსვას ვარაუდს – „მეშოკის“ გარეშე „მოლანდება“ გატაცებულის გარდაუვალი სიკვდილია, – ეს სხვა თემაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯიბლაძისთვის „ჩიტი არავის აუფრენია“. მეტიც, ჩვენებაში ჯიბლაძე წერს: „ნიკოლოზ ბახტაძემ მითხრა, დღეს შენ აქედან ვერსად წახვალ, სანამ 150 ათას დოლარს არ მოიტანო, ლევან ჩქარეულმა კი თქვა რუსულად „მე ახლა პრეზერვატივს მოვიტან და ნახე ამას რას ვუზამო“. ე.ი. მიუხედავად იმისა, ჩქარეულს „ჩაფიქრებული“ ჰქონდა „ნახე ამას რას ვუზამ“, მას თან არ ჰქონია „ნახე ამას რას ვუზამს“ „მოწყობილობა. „მოვიტანო“ ჩქარეული ამბობს, ე.ი. მანქანიდან უნდა დაგასულიყო და სადმე, სავარაუდოდ, იქვე, (აბა, ქალაქიდან შორსმყოფი, ქალაქში ფეხით რომ ჩამოსულიყო მუქარას დილამდე ვერ აღასრულებდა, მეორე მანქანის არსებობის შესახებ კი საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი) არსებულ აფთიაქში თუ მაღაზიაში უნდა შეეძინა „პლაშოვკა“. ასეთი მოუწესრიგებელი გამტაცებლები, ყველაზე სულელურ კრიმინალურ დრამაშიც კი ძნელად წარმოსადგენია. ჩვენებაში არაფერი წერია, იყიდა თუ არა პრეზერვატივი და შეასრულა თუ არა, რუსულად გაჟღერებული მუქარა, ჩქარეულმა. ჩვენებიდან ჩანს, რომ ჯიბლაძეს ძალიან გაუმართლა, გამტაცებლები, გარდა იმისა, რომ მათ თან არ აღმოაჩნდათ პრეზერვატივი, გარდა იმისა, რომ ცხვირ-პირი არ ჰქონდათ დაფარული, „ჟმოტები“ აღმოჩნდნენ და არც „ნახე ამას რას ვუზამ“-ს მეორე ნაწილი – საქმეში ქურდის ჩარევა, მოისურვეს, თუმცა თავიდანვე თავად შესთავაზეს გატაცებულს ქურდი, როგორც „საგარანტიო წერილი“, შედეგ კი გადაიფიქრეს „ქურდი ფულს გაგვიყოფსო“. და, ეს ყველაფერი გატაცებულს მოასმენინეს. მართალია, გამოძიებამ არ იცის, რომელ ქურდზე შეაჩერეს გამტაცებლებმა არჩევანი, მაგრამ ხომ უნდოდათ? მთავარი სურვილია.
კიდევ ერთი „ანეკდოტი“ ჯიბლაძის ჩვენებიდან, გთავაზობთ ამონარიდს: „… მე ამაზედაც დავთანხმდი, ისინი ელოდებოდნენ ჩემი მხრიდან ორშაბათს, ე.ი. 29 მაისს, აღნიშნული 200 კვადრატული ფართის გადაფორმებას, სამშაბათს 100 ათას აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენ 50 ათას დოლარს 10 ივნისს, როგორღაც ამ პირობებზე შევთანხმდით, რის შემდეგაც თავზე წამომაცვეს ტომარა და გამომიყვანეს ავტოფარეხიდან, იარეს სწრაფი სვლით და რამოდენიმე წუთში გააჩერეს მანქანა, მომხსნეს ტომარა და ვნახე რომ ვიყავი ჩემი კორპუსის შესახვევთან“…
ანეკდოტებზე ხალხი იცინის ხოლმე, ესაა ანეკდოტის დანიშნულება, მაგრამ რაკი ჩვენ განსაკუთრებულ ანეკდოტთან გვაქვს საქმე, მოგახსენებთ: ე.ი. ჯიბლაძეს თავზე ტომარა იმიტომ ჩამოაცვეს, რომ 10-15 წუთი ეტარებინათ ქალაქში, ეს ერთი. მეორე, ტომარა მოხსნეს იმიტომ რომ, გატაცებულს გამტაცებლები თავისუფლად ამოეცნო, საჭიროების შემთხვევაში. გამტაცებლები გატაცებულს პრეზერვატივით და იარაღის ტრიალით აშინებდნენ, მაგრამ სიტყვა საქმედ არ აქციეს, ეს მესამე. მეოთხე, გატაცებულმა და გამტაცებლებმა შეიმუშავეს ფულის გადახდის გეგმა. ეს მომენტი არის ჯიბლაძის ჩვენების „საუკეთესო“ ნაწილი: ე.ი. თურმე „გრაფიკის შედგენა“ თავზე „მეშოკის“ ჩამოცმის და პრეზერვატივის გარეშე შეუძლებელი ყოფილა, მერე რა, რომ გამტაცებლებს „ფულის მოტანის მოყომარება“ მანქანაშივე სურდათ იარაღის ტრიალის და სავარაუდოდ პრეზერვატივის ფონზე?!
მოკლედ, ეს არის პირველი ჩვენება, საქმის მასალებიდან დეტალებს ამ სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ და საბოლოოდ, ერთად გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას – რატომ არ იყიდეს გამტაცებლებმა პრეზერვატივი?!

ბერდია კალანდია

timer.ge

banner
წინა სტატიაშიმკვლელობები სოხუმის ცენტრში-აფხაზეთი სოციალური აფეთქების ზღვარზეა
შემდეგი სტატიაპუტინმა თურქეთის სამხედრო ამბოხში ამერიკელების როლზე მიანიშნა