ექსკლუზივი- მამუკა მამულაშვილი:  უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას ვგეგმავთ

 

,,თაიმერი,, გთავაზობთ  ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურ მამუკა მამულაშვილთან ინტერვიუს.

– რა ხდება მამუკა თქვენს თავს? რატომ დატოვეთ უკრაინის 54-ე ბრიგადა?

– რა გითხრათ… ძალიან შეგვავიწროვეს და  ესეც არაფერი, ფაქტიურად გაგვწირეს. უკრაინულ სარდლობაზე არ ვიძახი, უშუალოდ ჩვენი ბრიგადის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ. არ მინდა ვინმემ გაიგოს, რომ ჩვენ უკრაინის არმიასთან ან მის სარდლობასთან გვაქვს რაიმე პრეტენზია. ჩვენ მხოლოდ ჩვენმა უშუალო ხელმძღვანელობამ გვაიძულა ბრიგადა დაგვეტოვებინა.

-რა მოხდა? 16-17 დეკემბერს განხორციელებულ ოპერაციას უკავშირდება ხო თქვენი პროტესტი?

– არა მარტო. 16-17 დეკემბრის ოპერაცია და მისი შემდგომი მოვლენები ბოლო წვეთი იყო. ფაქტიურად სამი ოპერაცია განხორციელდა ბრიგადის მეთაურის ბრძანებით, რომელშიც მან უშუალოდ ეთნიკური ქართველების, ანუ ქართული ლეგიონის მონაწილეობა მოითხოვა და სამივე ისეთი ფორმით, რომ ჩვენ გავენადგურებინეთ. ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია… მეომრები ვართ და 4 წელია აქ ვიბრძვით… ბევრი მეომარიც დავკარგეთ, მაგრამ როდესაც იცი, ოპერაციას არანაირი მიზანი არააქვს გარდა იმისა, რომ მოგკლან, ამას  არც ერთი მეომარი არ შეეგუება. 16-17 დეკემბრის ოპერაციაში 11 მებრძოლი დაგვეჭრა და ყველა რომ არ დაიხოცა, ეს ჩვენი თანამებრძოლი უკრაინელი მეომრების დამსახურებაა, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენი მეომრები უაზრო და უეჭველ სიკვდილზე არ გაეშვათ. მათმა ოსტატურმა მოქმედებებმა გადაგვარჩინა.

– შენი აზრით ეს ღალატი იყო? ბრიგადის მეთაურის მხრიდან…

-მე არ ვიცი ამას რა დავარქვა… როდესაც მეთაური მოწადინებულია მის ბრიგადაში შემავალი უცხოური ბატალიონი გაწიროს დაუდგენელი მიზეზებით. ვერ ვიტყვი, რომ გამოცდას გვიწყობდნენ, რადგან ჩვენ აქ 4 წელია ვიბრძვით, ბევრი მეომარი დავკარგეთ, ბევრი დაგვეჭრა და თითქმის ყველას საბრძოლო ორდენები გვაქვს. პირადად მივედი მასთან ოპერაციის შემდეგ, მინდოდა გამეგო რა ხდებოდა ჩვენს თავს… მაისტერენკოსთან საუბარი მქონდა, რომლის დროსაც დამემუქრა, თუ რამეს ვილაპარაკებით ყველას ,,შეუთავსებლობის,, ბრალდებით გაგვაგდებდა ჯარიდან, რაც თითქმის დეზერტირობას ნიშნავს. უკან დახევაზე რომ არ წავედი, პირდაპირ ჩემი თანდასწრებით დაავალა კაპიტან სერგეი ფედოსენკოს რომ ამ მუხლით დაეთხოვა ქართველები უკრაინული ჯარიდან.  იქვე იყო რუსი ეროვნების სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ ,,ქართული ლეგიონი,, არის სიმსივნე, რომელიც უკრაინას ეხმარება… გაოგნებული ვიყავი. რუსებთან ტყვედ მეგონა თავი. ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერიც გაგვაჩნია, რომელსაც მალე წარვადგენთ. 20 დეკემბერს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა ბრიგადა საკუთარი განცხადების საფუძველზე. ვისაც სამი შვილი გვყავს, უკრაინული კანონმდებლობით ამისი უფლება უპრობლემოდ გვაქვს, დანარჩენებს ,,შეუთავსებლობას,, უფორმებენ. დაჭრილი ბიჭებისთვის სანამ საავადმყოფოში არიან ვერ გაუკეთებენ ვერაფერს ოფიციალურად მაგრამ, მათ ურეკავენ და აშანტაჟებენ.

-ვინ ურეკავს?

– ბატალიონის მეთაურის მოადგილე და ბრიგადაში დარჩენილი 3 ქართველიდან ერთ-ერთი… ზურაბ ჩიხელიძე. ეუბნებიან ბიჭებს, თუ რაიმეს იტყვით გაგადეპორტებენო.

– 20 დეკემბრის მერე ბევრი დრო გავიდა… აქამდე რატო არ განაცხადეთ? მითუმეტეს 19-ში ,,თაიმერიდანაც,,  დაგიკავშირდით და ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე კომენტარი გთხოვეთ

– ბიჭებს გავუფრთხილდით, ჯარში ვართ, აქ მწვავე განცხადებების გაკეთება დაუფიქრებლად არ შეიძლება. საერთოდ არ ვაპირებდით ბრიგადის დატოვებას, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენს დარჩენას აზრი არ ჰქონდა.

– ახლა რას აპირებთ?

-ჯერჯერობით ველოდებით, რა გამოხმაურება მოჰყვება ჩვენს ამბავს უკრაინული სარდლობის მხრიდან. აშშ-სა და რამდენიმე ჩვენი უცხოელი თანამებრძოლის ქვეყნების საელჩოსაც მივწერეთ ინფორმაცია ჩვენი პრობლემის შესახებ. ჩვენ უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. ქართველებს რომ გადეპორტებით გვემუქრებიან ვიცით, მაგრამ ამერიკელ ინგლისელ და სხვა უცხოელ მეომარსაც ხომ ვერ გაადეპორტებენ?! ჩვენ აქ რუსებთან საბრძოლველად ჩამოვედით ამ ბრძოლის გაგრძელება ვგეგმავთ.

ესაუბრა კახაბერ ადამია

 

 

 

banner
წინა სტატიაშისკანდალი: ,,ქართულმა ლეგიონმა,, უკრაინაში ბრძოლის ველი დატოვა
შემდეგი სტატიაბაკურ გულუამ თანამდებობა დატოვა -რა მოხდა ზუგდიდში