ექსკლუზივი: 9 სექტემბრიდან ტელეკომპანია „იბერიაზე“ „პრიორიტეტი“ ახალი ფორმატით ბრუნდება

ტელეკომპანია „იბერიას“ რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუ ახალ სეზონს 9 სექტემბერს გახსნის.
გადაცემას კვლავ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გაუძღვება, თუმცა „პრიორიტეტი“ ეთერში განსხვავებული ფორმატით გავა.
„ეს იქნება კვირის ანალიტიკური თოქ-შოუ, რომლის ნახვაც მაყურებელს ყოველ შაბათს და კვირას, საღამოს 20:00 საათიდან შეეძლება. მთავარი სტუმრების გარდა, გადაცემაში მონაწილეობას ხალხიც მიიღებს.
ამასთან, „პრიორიტეტს“ ახალი რუბრიკა _ „იქს-ზონა“ დაემატება, რომელსაც ლიზა ვადაჭკორია და მე გავუძღვებით“, – აცხადებს გადაცემის პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი.
მისივე თქმით, 9 სექტემბრიდან მაყურებელი სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ თოქ-შოუს იხილავს.
„დიახ, ეს იქნება ყველაზე ცხელი თოქ-შოუ ქართულ ტელესივრცეში. მაკა რაზმაძეს ყოველ შაბათს და კვირას, კვირის პრიორიტეტულ თემებზე ოთხი მთავარი სტუმარი ეყოლება.
ამასთან, იქნება დებატები და პოლიტიკოსებთან კითხვის დასმის საშუალება ხალხსაც მიეცემა.
რაც შეეხება „იქს-ზონას“, ამ რუბრიკაში, რომელიც, ასევე, ღია ეთერში ერთ საათს გაგრძელდება, ყველაზე ტაბუდადებულ თემებს განვიხილავთ და მაყურებელი გაიგებს იმ სიმართლეს, რომლის შესახებაც სხვები ფიქრსაც ვერ ბედავენ“, – ამბობს გადაცემის პროდიუსერი.
რაც შეეხება გიორგი გასვიანს, რომელსაც „პრიორიტეტის“ ორი სეზონი მიჰყავდა, გიორგის მაყურებელი რეალით პოლიტიკურ თოქ-შოუ „ფაბრიკაში“ იხილავს, რომელიც ეთერში 11 სექტემბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 16:00 საათიდან გავა.
მაშ, ასე: 9 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს და კვირას, საღამოს 20:00 საათზე, დიდი ინტრიგა „იბერიაზე“ _ მაკა რაზმაძე, ლიზა ვადაჭკორია და ვანო პავლიაშვილი წარმოგიდგენთ პოლიტიკურ თოქ-შოუს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

banner
წინა სტატიაშიმიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით, ციხის მაღაზიებში სპეციალური კომისია გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებებს ჩაატარებს