ენმ: “ოცნების” კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლის ამსახველი აუდიომასალა გაასაჯაროვა. გურჯაანში ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყოს. აუდიოჩანაწერში, ენმ-ის მტკიცებით, ქართული ოცნების კოორდინატორი გივი რამაზაშვილი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ნიკა მაზანაშვილს ემუქრება და მისგან მოითხოვს, 30 ოქტომბერს კომისიაში არ მივიდეს.

“შენ 30-ში ტელეფონს დილით თიშავ და კომისიაში აღარ ხარ, გაიგე? საერთოდ გაქრი აქედან, წყნარად გაშინებ იცოდე, წყნარად იყავი რა, მეორედ აღარ დაგინახე კომისიაში მისული, მთავრობამ გაიმარჯვა და ბოლომდე გავიმარჯვებთ” – ამბობს სატელეფონო ჩანაწერში სავარაუდოდ გივი რამაზაშვილი.

ენმ-ის კანდიდატთან ერთად, დღეს კომენტარი გააკეთა თავად კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ნიკა მაზანაშვილმა. მისი თქმით, “გივი რამაზაშვილი, იგივე ჭახანა მოდიოდა ჩემთან და მემუქრებოდა, რომ არ უნდა მივსულიყავი არჩევნების მეორე ტურზე, საერთოდ გაქრობით დამემუქრა”.

გიორგი ღვინიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, “ხელი აიღოს ასეთი საარჩევნო კამპანიისგან”. ამასთან, სთხოვს პროკურატურას, კონკრეტულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება.

ქართული ოცნების კოორდინატორი გივი რამაზაშვილი კურიერთან სატელეფონო საუბარში ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ “არა გენაცვალე, [ნიკა მაზანაშვილი] რაღაცას იგონებს, ალბათ”.

არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე : “თუ ქუთაისი მხარს დაუჭერს “ქართულ ოცნებას”, ქალაქი დაკარგავს საპარლამენტო სტატუსს”
შემდეგი სტატია(Video) დიმიტრი შაშკინი : კრწანისის სამხედრო ბაზაზე დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს