ენმ-ის განცხადება ბათუმში მიმდინარე პროცესებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.ამის შესახებ ენმ-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პოლიტიკური პარტია ავრცელებს.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული ძალადობის ესკალაციის მიზეზები და გარემოებები.

„უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ბათუმში განვითარებული ძალადობრივი პროცესების გამო, რომელსაც წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი და მშვიდობიანი პროტესტი პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ.

ვგმობთ ძალადობას, რომლის სამწუხარო გამოვლინებაც იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრული პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმის ქუჩებში გამოსულებს და ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და სტაბილურობას.

საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა – დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციის მხრიდან.

ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოში ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის პირობებშიც დასაცავია პოლიცია სრული დემორალიზაციისგან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტად. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის მიზეზები და გარემოებები. ამასთან, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებაში, რომელსაც არ შეუძლია კრიზისებთან გამკლავება, რომელიც არის ოლიგარქ ივანიშვილის – და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების სამსახურში. შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებში მატულობს უკმაყოფილება და ბრაზი უპასუხისმგებლო ხელისუფლების, ნეპოტიზმის, კორუფციის, განუკითხაობისა და უპერსპექტივობის მიმართ.

ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდეს და სტაბილურობას, გვართმევს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას“, – აცხადებენ ენმ-ში.

banner
წინა სტატიაში(video) აქციის მონაწილეთა მოთხოვნები
შემდეგი სტატია(video) ბათუმში, სპეცდანიშნულების რაზმმა საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიის წმენდა დაიწყო