ენგურჰესი სამი თვით გაჩერდება – დარჩება თუ არა ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე?

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ენგურჰესი სრული სიმძლავრით მუშაობს, გეგმიურ შეკეთებებს მაინც საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰესი შეიძლება დიდი ხნით გაჩერდეს და ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

გასარემონტებელია ჰიდროტენიკური ნაგებობები, განსაკუთრებით კი, 16 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთზე გადის. 40 წლის წინანდელი მოწყობილობა-დანადგარები მოძველებული და ამორტიზირებულია, რომელიც უკვე შეკეთებას საჭიროებს.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ ჭითანავა “თაიმერთან” საუბრისას განმარტავს, რომ ენგურჰესის ხანგრძლივი ვადით გაჩერების აუცილებლობა დიდი ხანია დგას. ის, ფედერაციის შესამცირებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უმოკლეს ვადებში არ მოხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, შესაძლოა წყლის ნაკადმა გვირაბიდან გამოჟონოს და სანამ ზღვამდე ჩააღწევს, დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე ყველაფერი ჩარეცხოს. საუბარია მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურაზე, სასოფლო სამეურნეო ნაწილზე და ა.შ.

-ცვეთის პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობდა, რამაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. ვერ ხერხდება დღეისათვის საჭირო სტანდარტების დაცვა. არ არსებობს საშუალება, რომ აღნიშნულ საკითხებს ერთდროულად მივხედოთ და მათი მოგვარება “პორცია-პორციობით” გვიწევს.  წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა გვირაბისა და მილების, ასევე, ელექტროსადენების გარემონტება. არის საკითხები, რომელიც დანადგარებთან და მართვით სისტემასთანაა დაკავშირებული. საჭიროა ცვლილებების შეტანა, რეაბილიტაცია. ამ პროცესების განსახორციელებლად უნდა მოხდეს ენგურჰესის გაჩერება ხანგრძლივი ვადით, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან საქართველოში ძალიან ჭირს ელექტროენერგიის გამომუშავება. ენგურჰესი არის ძირითადი წყარო და მისი გაჩერება ქვეყანას ელექტროენერგიის გარეშე დატოვებს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შეძენა, რაც დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან. ის სამუშაოები, რაც ენგურჰესზე უნდა გაკეთდეს და დაფინანსდეს, სერიოზული მოცულობის თანხებს საჭიროებს, რომელიც უკვე უნდა იქნას მოძებული. თანხების მოძიება შესაძლოა პრობლემა სულაც არ იყოს, თუმცა, ენგურჰესის პარალიზება უდიდეს პრობლემას წარმოქმნის. კოლექტივი იღებს ზომებს და აქვს ფინანსური მხარდაჭერა, რადგანაც იციან, რომ ენგურჰესი არის პერსპექტიული ობიექტი, რომელსაც შეუძლია ამ ვალების გადახდა. აქ მთავარი პრობლემა ენგურჰესის გაჩერების აუცილებლობაა, თუმცა, ვადებში იქმნება შეფერხებები. 2006 წლიდან დღემდე ჩვენ 2-ჯერ უნდა გაგვეჩერებინა ენგურჰესი და ჩაგვეტარებინა დათვალიერება, პროფილაქტიკური სამუშაოები, მაგრამ ამ სიძნელეების გამო ვერ მოხერხდა.

-თქვენ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ ენგურჰესის არგაჩერება დამღუპველი იქნება. რა სახის საფრთხეებს გულისხმობდით?

-დამღუპველია, რადგან თუ, ჩვენ ამ 16 კილომეტრიან გვირაბში ვერ შევძელით ფილტრაციული გამოვლინებების შეჩერება, ეს ფილტრაციული ნაკადი გამოხეთქავს კლდეს და ჩაიღვრება მდინარის კალაპოტში და წაიღებს ყველაფერს. ეს არის უბედურება, ამიტომ ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. გვირაბი გადის აფხაზეთის ტერიტორიაზე. გავრცელების არეალი ძალიან დიდია ზღვამდე დაახლოებით 40 კილომეტრიან მანძილზეა საუბარი. ეს არაკონტროლირებადი ნაკადი, რომ წავიდეს ზღვამდე, ჩარეცხავს მოსახლეობას, სასოფლო სამეურნეო ნაწილებს, კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. ამას ჩვენ ჯერჯერობით არ ვპროგნოზირებთ, მაგრამ მისი ინტენსიური ზრდა, იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში კრიტიკული ზღვარი დადგება, რომლის იქეთაც ენგურჰესს ამის ატანა არ შეეძლება და მივიღებთ იმ სავალალო შედეგს, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ. ამიტომაც, აუცილებელია ენგურჰესის გაჩერება და მისი მკურნალობა. ჩასატარებელია საცემენტაციო და გამაგრებითი სამუშაოები.

-ამ ეტაპზე რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

-სახელმწიფომ უკვე გააკეთა მხარდაჭერა და ამ სამუშაოების შესრულებისთვის დაფინანსება გარანტირებულია. სწორედ ეს მოიცავს პირველი ეტაპის გაჩერებას. მთავარი საკითხია ამ გაჩერების პერიოდში ჩვენ ვუზრუმველყოთ მომხმარებლები. ესენია მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, კომუნალური მეურნეობა და ყველაფერი, რაც ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, რომელიც უნდა შევიძინოთ მეზობლებისგან, რადგანაც ენგურის ჩასანაცვლებლად  საკუთარი წარმოება ჩვენ არ გაგვაჩნია.

-რომელი მეზობელი ქვეყნისგან მოხდება ენგურჰესის ჩანაცვლება?

-ყველა მეზობელ ქვეყანას შეუძლია. რუსეთსაც, აზრბაიჯანსაც, სომხეთსაც და თურქეთსაც. რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება ფასების კუთხით იმას აირჩევს სახელმწიფოც. როდესაც ენგურჰესი გაჩერდა, ჩვენს ქვეყანაში ოთხივე მეზობელი ქვეყნის წყაროდან მოდიოდა ელექტროენერგია.

-დაახლოებით რა დროის განმავლობაში იქნება პარალიზებული ენგურჰესი?

-დღევანდელი ჩვენი ანალიზით, ამჯერად ვაპირებთ სამ თვემდე გაჩერებას. სავარაუდოდ, ეს იქნება ზაფხულის პერიოდი, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება ნაკლებია, გათბობა და კლიმატური პირობებიც უკეთესია, როდესაც წყალუხვობაა. დანარჩენი სხვა ჰესები და ჰიდროელექტროსადგურები უფრო მეტს გამოიმუშავებენ. ამ პერიოდს ეხება ენგურჰესის გაჩერება და სამთვიანი ვადის განმავლობაში შესაძლებელი იქნება პირველი ეტაპის გადაუდებელი სამუშაოების მოგვარება-გაუვნებელყოფა და ისევ ექსპლუატაციაში გაშვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენგურჰესი სრულყოფილად წესრიგში მოვიდა. კიდევ უნდა მოხდეს გაჩერება და ეს გაჩერების ვადები განისაზღვრება დამატებითი საფრთხეების გამოვლენაზე. ყველა ნაგებობაზე მოხდება ანალიზი და დადგინდება ის საფრთხეები, რომელიც შემდეგი ეტაპისათვის უნდა იყოს გამიზნული და ა.შ. გაუთავებლად უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ყველაზე დიდი საშველი ამისთვის არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზიანის გარეშე, ჩვენ შევძლოთ ენგურჰესის გაჩერება ხანგრძლივი ვადით, რაც წელიწად-წელიწადნახევარს მოიცავს. ამ დროში უნდა მოხდეს საფრთხეების მაქსიმალური განადგურება ამ ურთულესი და ძალიან საამაყო ნაგებობისათვის.

-იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოები დაგეგმილ პერიოდში ვერ ჩატარდა და ვერ მოხდა ჰესის გაჩერება, კონკრეტულად რა საფრთხე შეიძლება წარმოიქმნას?

-ჩვენ მაინც იძულებული ვიქნებით გავაჩეროთ ენგურჰესი და ელექტროენერგიის გამომუშავება შევწყვიტოთ. იმიტომ, რომ არის ადგილები, სადაც გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

-სანამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ექმნება თუ, არა საფრთხე ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიას?

-ჯერჯერობით სიტუაცია ნორმალურია, მაგრამ თუ რაიმე სახის ავარია მოხდება და გვირაბიდან დიდი რაოდენობით წყალი გამოჟონავს, ეს უდიდეს საფრთხეს ქმნის. მთავარი კვანძი არის გვირაბი და მიწისქვეშა ჰესის შენობა, სწორედ ესენი უნდა იქნეს უმოკლეს ვადაში გარემონტებული. ის საფრთხე, რომ დღეს ენგურჰესს წყალსაცავი გაექცევა ან, დაიღვრება წყალი და ჩვენს კონტროლს ვერ გაუძლებს, ასეთი სიტუაცია არ არის. ჩვენ ვიცით, რომ არის სუსტი ადგილები. შეიძლება წარმოიქმნას იმის აუცილებლობა, რომ ჰესის გაჩერება მოგვიწიოს და ქვეყანას 1 კვირის განმავლობაში შეუწყდეს ელექტრომომარაგება, ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, ეს მეტალის კონსტრუქცია არის “დაღლილი” და სისტემის შეცვლის აუცილებობა ამიტომაც დგას.

როგორც “თაიმერთან” საუბრისას ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მებონია განმარტავს, პროექტის ღირებულება 35 მლნ ევროა. აქედან 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, 28 მილიონი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხი. მისი თქმით, თანხები უკვე გამოყოფილია და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩატარდება, რომელიც 3 თვეს მოიცავს.

 

მზეკო ჟვანია

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
შემდეგი სტატიაზუგდიდში ფეხბურთის თამაშისას 12 წლის მოზარდი დიმიტრი კაკავა გარდაიცვალა