“ენერგეტიკის სამინისტრო თავისი პოზიციის გატანას ძალადობით ცდილობს”

"ენერგეტიკის სამინისტრო თავისი პოზიციის გატანას ძალადობით ცდილობს"ენერგოეფექტურობის ფონდი არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკით საზოგადოებაში შექმნილი ვითარების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო მეგობრებო, ხუდონჰესის პროექტზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი ბოლო ფაზაში შევიდა. ენერგეტიკის სამინისტროს არ გააჩნია მტკიცე არგუმენტები აღნიშნული პროექტის საქართველოსთვის საჭიროებისა და განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ. ენერგეტიკის სამინისტრო ჩიხშია შესული და მისი ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მოიხსენიებს ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე საზოგადოებას, რომელიც თითქოს თავისი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სინამდვილეში, საქმე პირიქითაა და ენერგეტიკის სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენელი, მოქმედებს რა პრინციპით, “გამოღმა მოდავეს გაღმა შეედავეო”, საზოგადოებისთვის იმის დაბრალებას ცდილობს, რასაც თავად იმსახურებს. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება არათუ სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, არამედ, პირიქით, სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ფრიად სერიოზული რისკების შემცველია.

ენერგეტიკის სამინისტროს დიდი ხანია, რაც გაწყვეტილი აქვს კომუნიკაცია ოპონენტ სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მას არ აინტერესებს ოპონენტი სპეციალისტების დასაბუთებული მოსაზრებები, პროექტის ალტერნატიული ვარიანტები და ძალადობით ცდილობს თავისი პოზიციის გატანას. აშკარაა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აღარ გააჩნია პროცესების მშვიდად, დემოკრატიულად და კომპეტენტურად მართვის უნარი. ამიტომ, საზოგადოების უფლებების დაცვისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია, ხუდონჰესის პროექტის, ზოგადად, ენერგეტიკის პოლიტიკის პრობლემების განხილვაში ბ–ნი ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს პრემიერ–მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, სახალხო დამცველის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის აქტიური ჩართვა. ლოგიკური, ბუნებრივი და გადაუდებლად საჭიროა, რომ ოპონენტ სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სვანეთის მოსახლეობას ყურადღებით მოუსმინონ ბ–ნმა ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლების პირველმა პირებმა.

ენერგოეფექტურობის ფონდმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე საზოგადოების, ხაიშისა და ზემო სვანეთის მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპეტების უფლებების დაცვის თხოვნით. ჩვენმა ორგანიზაციამ სახალხო დამცველს მიაწოდა ვიდეო და წერილობითი ინფორმაცია ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგე საზოგადოების უფლებების დაცვის სრულფასოვანი მონიტორინგის ხელშეწყობისთვის. ენერგოეფექტურობის ფონდი გამოხატავს სახალხო დამცველისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მზადყოფნასაც.

ენერგოეფექტურობის ფონდი სხვა ორგანიზაციებთან ერთად განიხილავს შესაბამისი განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის საკითხსაც. აღნიშნულ განცხადებაში შეიძლება დაისვას ხუდონჰესისა და სხვა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის გაფორმებულ მემორანდუმებში სახელმწიფოს ინტერესების დაცვის სამართლებრივი შეფასების საკითხი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად შსს-მ კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავა
შემდეგი სტატიამაჟორიტარ დეპუტატს საკუთარ კაბინეტში საკრებულოს წევრი შეუვარდა:-დაპირისპირება წალენჯიხაში( VIDEO)