ენერგეტიკის მინისტრი გაზის ტარიფების გაზრდას არ გამორიცხავს

ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს.

მისი თქმით, ტარიფის მომატების შემთხვევაში, შეიძლება კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტიდან სუბსიდირების საკითხიც განიხილონ.

„დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე.

მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში – დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება.

„ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, – განაცხადა კალაძემ.

გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

სემეკმა გადაწყვეტილება მაისში უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაში(video) „ეს ქალი გასანეიტრალებელია… თვით უწმინდესობას რეებს უბედავს“- რა იყო ამოჭრილი დეკანოზის ფარული ჩანაწერიდან
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ვარ გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკაში