ემზარ კვიციანი შეწყალებას ითხოვს

emzar-kviciani

emzar-kvicianiემზარ კვიციანის ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტის მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების მოთხოვით მიმართა. ალექსანდრე კობაიძემ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეიტანა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ – აპირებდა თუ არა ემზარ კვიციანის შეწყალებას, განაცხადა, რომ მისთვის ამ თხოვნით არავის მიუმართავს.

ადვოკატმა განმარტა, რომ აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე მიმართავს პრეზიდენტს თხოვნით, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს ემზარ კვიციანი. ადვოკატის განმარტებით, რაც შეეხება პრეზიდენტის სატელევიზო განცხადების იმ ნაწილს, სადაც იგი ბრალის აღიარების აუცილებლობაზე მიუთითებს, ასეთი რამ სავალდებულო არ არის.

“კონსტიტუციის 73-ე მუხლის “პ” ქვეპუნქტით, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს. აღნიშნული მუხლი ერთპიროვნულად ანიჭებს პრეზიდენტს უფლებას, ისარგებლოს მისი შეხედულებისამებრ, ვინაიდან იერარქიულად კონსტიტუცია უფრო მაღალი სამართლებრივი ნორმაა, ვიდრე – კანონი. პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, აღნიშნული ნორმის თანახმად შეიწყალოს ემზარ კვიციანი, უპირობოდ ყოველგვარი ბრალის აღიარების თუ არაღიარების გარეშე. აქედან გამომდინარე ვიმოდევნებთ, რომ პრეზიდენტი მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს კონსტიტუციურ უფლებას”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ქუთაისის სააპელაციოში სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც განხილვა 2015 წლის იანვარში დაიწყება. ემზარ კვიციანს ბრალად დაედო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ამნისტრებული მუხლების გამო საბოლოოდ კვიციანს 12-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. ემზარ კვიციანი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა. იგი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. კვიციანი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – 2015 წელი სასჯელაღსრულების სისტემისთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას საქმის ახალი დეტალები