ელისაშვილთან პატიმრის საქმეზე მიმოწერა კობახიძის ამჟამინდელ თანაშემწესაც ჰქონდა

შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელთან პატიმრებთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინება მანანა კობახიძის ამჟამინდელ თანაშემწესაც აქვს გაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
„თავად ელისაშვილს არც პროკურატურისთვის და არც საზოგადოებისთვის ჯერჯერობით მესიჯები არ წარუდგენია, მანანა კობახიძე კი ადასტურებს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე ელისაშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება ნამდვილად გაუგზავნა, მისგან პასუხიც მიიღო, თუმცა ვიცე-სპიკერი რაიმე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს. უფრო მეტიც, კობახიძე ამბობს, რომ ელისაშვილთან მსგავსი მიმოწერა სხვა საქმეზე მის ამჟამინდელ თანაშემწესაც ჰქონდა.

“თუ ვინმე მას უკანონობის შემცველ შეტყობინებას უგზავნიდა, რატომ მაშინვე არ ახდენდა რეაგირებას, ან მტკიცებულებას რატომ არ ინახავდა. თუ შენახული აქვს, გამოვიდეს და გაასაჯაროოს. სამწუხაროდ, მე არც მიფიქრია, რომ ასეთ სიბინძურეზე წავიდოდა ეს ადამიანი, თორემ აუცილებლად შევინახავდი ჩემს ტელეფონში მისთვის გაგზავნილ სმს-ებს. შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით იგივე შინაარსის სმს აქვს გაგზავნილი მასთან ჩემს ამჟამინდელ თანაშემწეს, რომელიც გახლდათ ალეკო ელისაშვილის პროდიუსერი ტელეკომპანია „მაესტროში“. მანაც მოიკითხა, ერთ-ერთი საქმე რა ეტაპზე იყო და ელისაშვილისგანაც მიიღო პასუხი, რომ გაარკვევს და დაუკავშირდება”, – ამბობს მანანა კობახიძე.

ელისაშვილისთვის გაგზავნილ სმს-შეტყობინებაზე „პრაიმტაიმთან“ კომენტარს აკეთებს ვიცე-სპიკერის თანაშემწე თამარ მჟავანაძეც, რომელიც ამბობს, რომ ელისაშვილს ერთ-ერთი პატიმრის საქმეზე შეეხმიანა და მისგან კონკრეტული დაპირებაც მიიღო.

„მე წლების განმავლობაში ვიყავი ალეკო ელისაშვილის პროდიუსერი, მაშინ, როდესაც ის „მაესტროში“ მუშაობდა. ტელევიზიაში ყოფნის დროს მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მთხოვა, იქნებ ალეკოსთან მომეკითხა მამამისის ამბავი, რომელიც პატიმარი გახლდათ და შეწყალების კომისიის სახელზე განცხადება ჰქონდა დაწერილი. მე ამაში ვერანაირი კანონდარღვევა ვერ დავინახე და, როგორც ჩანს, ვერც თავად ალეკომ, რადგან მისგან სრულიად ნორმალური პასუხი მივიღე და დამპირდა, რომ გაარკვევდა და გამაგებინებდა. არავითარი პრეტენზია მას არ გამოუთქვამს, მით უმეტეს, ამავე საკითხზე ტელეფონის საშუალებითაც ვესაუბრე. მან მითხრა, რომ პატიმრის პირადი მონაცემები სმს-ით გამეგზავნა. ასეც მოვიქეცი და მისგან პასუხიც მივიღე. ეს იყო ჩვეულებრივი ამბის მოკითხვა, ანუ ჩემს თანამშრომელს, რომელიც ალეკოს თანამშრომელიც გახლდათ, აინტერესებდა, რა ეტაპზე იყო მამამისის საქმე. როგორც ვიცი, ქალბატონ მანანასაც დაახლოებით მსგავსი შინაარსის მიმოწერა ჰქონდა ალეკოსთან და ჩემთვის ძალიან გასაკვირი და საწყენია, რატომ მიეცა ამ ყველაფერს სრულიად სხვა ინტერპრეტაცია. მე ალეკოსთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს და ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია“, – აცხადებს თამარ მჟავანაძე.

 

წყარო primetimenews.ge

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატია„ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი სათამაშო ველი უნდა იყოს შექმნილი“