ეკა გიგაური ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერზე – შეიძლება, ამის უკან სპეცსამსახურები დგანან

ყოფილი ხელისუფლების დროს, როდესაც იქმნებოდა უზარმაზარი არქივები და გამოძიებას არ უთქვამს, ვინ იდგა ამ არქივის უკან, ვინ გასცემდა უკანონო ბრძანებას და რამდენად სისტემური იყო ყველაფერი, ეს გამოძიებამ აუცილებლად უნდა თქვას – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო, როდესაც არ გამოიძიეს ის ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა, იგივე შეიძლება ითქვას, როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ ხელისუფლების პირობებში. ყოფილი ხელისუფლების დროს, როდესაც იქმნებოდა უზარმაზარი არქივები და გამოძიებას არ უთქვამს, ვინ იდგა ამ არქივის უკან, ვინ გასცემდა უკანონო ბრძანებას და რამდენად სისტემური იყო ეს ყველაფერი. ეს აუცილებლად უნდა თქვას, გამოძიებამ. მეორეს მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში, გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებითაც არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება. ზუსტად ამიტომ ვხედავთ ჩვენ, რომ ის პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ კადრებს, მათ ფაქტობრივად, სახელმწიფოსი არ ეშინიათ. ზუსტად ამიტომ ჩვენ ეჭვი გვიჩნდება, რომ ბევრ შემთხვევაში შეიძლება ამის უკან სპეცსამსახურებიც იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიძიოს ყველა ეს დანაშაული ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, შეცვალოს სისტემა და კანონმდებლობა, რათა საზოგადოებას არ გაუჩნდეს კითხვის ნიშნები, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო არ იყენებს ამ სისტემას სათავისოდ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ექნებათ.

„ცხადია, ეს შეიძლება საინტერესო იყოს კონკრეტული პარტიის მომხრეებისთვისაც და გარკვეული შეფასებაც გააკეთონ ამ ფაქტების. ამას ჩვენ ნამდვილად ვერ შევაფასებთ. ეს ყველაფერი შეფასდება ალბათ არჩევნების დღეს, როდესაც კონკრეტული პირები კონკრეტულ პარტიას მისცემენ ან არ მისცემენ ხმას“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაში(Video)ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ენგურის ხიდზე აფხაზეთის რაიონების კოორდინატორები წარადგინა
შემდეგი სტატიარატომ გაუწყრნენ მეგრელები ,,ქართულ ოცნებას,,?