ეკა ბესელია: პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული წუხილი, ჩემთვის კარგად გასაგები არ არის

პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული წუხილი, ჩემთვის კარგად გასაგები არ არის, რადგან პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად შეუზღუდავად მონაწილეობის შესაძლებლობა ამ პროცესში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო კომისიის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირას მიიღებს და უკვე ინიცირებულია დადგენილების პროექტი. მისივე თქმით, ამ პროცესს უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა, მასში ჩართული იქნება საკმაოდ ფართო წრე, როგორც პოლიტიური სპექტრის, ისე კონსტიტუციური ორგანოს ყველა წარმომადგენელი და, რაც მთავარია, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ სამუშაო ჯგუფს ვენეციის კომისიასთან ჰქონდეს ძალიან აქტიური თანამშრომლობა.

„რაც მთავარია, კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია არის ის თემა, რომელსაც სჭირდება საზოგადოებრივი თანხმობა. თავმჯდომარე არის ის ადამიანი, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ არც თავმჯდომარე იღებს დამოუკიდებლად, ამიტომ პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული წუხილი, მართალი გითხრათ, ჩემთვის კარგად გასაგები არ არის, რადგან პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად შეუზღუდავად მონაწილეობის შესაძლებლობა ამ პროცესში, ხოლო თავმჯდომარე არ იღებს ერთპიროვნულად არანაირ გადაწყვეტილებას. ის მხოლოდ ადმინისტრირებას უკეთებს ამ პროცესს. გადაწყვეტილება მიიღება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით და საბოლოოდ ამ პროდუქტს კენჭს უყრის პარლამენტი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საკითხების ნუსხა, რაზეც საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს, წინასწარ არ არის ჩამოწერილი. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კომისია იმუშავებს ძალიან დემოკრატიული, ღიაობისა და მაქსიმალური გამჭვირვალობის პრინციპით.

banner
წინა სტატიაშითურქეთში პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა
შემდეგი სტატია„წითელი ნუსხით“ დაცულ სარსარაკებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს