ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, მისი გაღიზიანება პოლიტპატიმართა სიის მიმართ კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
პარლამენტის უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ორ ნაწილად იყოფა. მათგან ნაწილი ეხებოდა პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლებულ პირებს და ბესელიამ გამოხმაურება ელისაშვილის განცხადებების სწორედ ამ ნაწილზე გააკეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იგი ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების იმ ნაწილს არ ეხება, სადაც ელისაშვილი მასზე ზეწოლაზე საუბრობს.
“შეფასება იყო შეურაცხმყოფელი. აქ მაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და ვითხოვ, მან ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით და ისინი თავად ითხოვენ ბოდიშის მოხდას ბატონი ელისაშვილისგან. ბოდიში უნდა მოუხადოს კომისიის ყველა წევრს. იქ ძალიან საპატივცემულო ადამიანები იყვნენ. ეს არის ნინო გვენეტაძე, კახი კახიშვილი, ია მეტრეველი, უჩა ნანუაშვილი, მერაბ ტურავა, ზაზა ხატიაშვილი, აგიტ მირზოევი, ქვარაია, ჩიტაია და ასე შემდეგ. დაახლოებით 15 ადამიანი იყო და ყველას მიაყენა შეურაცხყოფა. მათ შორის მთელს პარლამენტს. იყო კოლექტიური შეურაცხყოფა, რაც ყველამ მიიღო”, _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატია,,თუ გამოძიებას ექნება კითხვები, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს”